თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა.
ტელეარხი მიიჩნევს, რომ ეს იყო მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც გამოძიება შესაბამისი კვალიფიკაციით დაიწყო.
კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს.
„აგენტების კანონი“ ეხება საქართველოში არსებულ არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის „ტაბულას“, „პუბლიკას“, „აპრილს“, რომელთა ჟურნალისტებზეც აქციის დაშლის დროს იძალადეს სამართალდამცავებმა. ჟურნალისტებზე ძალადობის შემთხვევები გაერთიანებულია ერთ დიდ საქმეში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავების მხრიდან „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ კვალიფიკაციით იძიებს.
"აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“. ონლაინმედიის ჟურნალისტებს ბოლო ერთი კვირაა, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში მუშაობას უკრძალავს.
კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცება 17 აპრილს 19 საათიდან გააპროტესტეს მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტთან. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც.
16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციამ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 40 ადამიანი დააკავა.