ყველაფერი დაიწყო 9 აპრილს, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ, გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე გამოაქვეყნა თავისი დისშვილის ფოტო თბილისში გამართული პროევროპული მარშიდან. თუმცა მალევე ფეხბურთელის ვერიფიცირებული „ინსტაგრამგვერდი" ერთი დღით მიუწვდომელი გახდა. ამის შემდეგ Facebook-ზე იდენტური ფოტო გამოაქვეყნა როინ ქოჩორაშვილმა, სპორტსმენის მამამ, რომელმაც ასევე დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“.
გიორგი და რობერტ ქოჩორაშვილების პოზიციამ უკიდურესად გააღიზიანა თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კოლაძე, რომელიც ბევრი წელი თამაშობდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
ქართველი სპორტსმენები განსაკუთრებით გააქტიურდნენ 16-17 აპრილს, როცა საქართველოს პარლამენტმა, საპროტესტო აქციების ფონზე, პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ზვავის ეფექტი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ნაკრების (ფეხბურთი) ყოფილი კაპიტნის, ჯაბა კანკავას პოსტის Instagram-ზე:
"რუსეთის დდშვც... საქართველო ევროპაში!"
ჯაბა კანკავას შემდეგ აქციებს ინსტაგრამის „სთორით“ გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც დაწერა: #საქართველოევროპაში“
"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ლუქსემბურგის ნაკრებთან გატანილი ორი მნიშვნელოვანი გოლის ავტორი, ბუდუ ზივზივაძე რუსთაველზე გამართულ ფართომასშტაბიან აქციებს.
"არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას", - დაწერა ფეხბურთელმა.
გრძელი პოსტი დაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ფეისბუკზე:
„არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს“.
თბილისში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი არ დარჩნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები - მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, - დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ.
„საქართველოს გზა და მომავალი მხოლოდ ევროპაზე გადის“, - ასეთი იყო გიორგი მამარდაშვილის რეაქცია.
ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციამ გულგრილი ვერ დატოვა საქართველოს პარლამენტის წევრი და „ქართულ ოცნებას“ გამოყოფილი პარტიის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც მოუწოდა „ნაპოლის“ ქართველ ვარსკვლავს, გაემიჯნოს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
„რა გინდათ რომ მითხრათ - ხვიჩა კვარაცხელია მაგათ [აქციის მონაწილეებს] უჭერს მხარს? ეს არის მაგათი ხერხი? - რომ გამოვიდნენ და იყენებენ ამას [ფეხბურთელების პოსტებს]. ჩემს ხელში გაზრდილები არიან. მივმართავ ხვიჩა კვარაცხელიას, იცის ჩემი აზრი, შენ ამ გულწრფელ სიტყვას, როცა იძახი, რომ ევროპაში მინდაო, ეს ნაძირალები გამოიყენებენ-მეთქი. [ხვიჩა კვარაცხელია] უნდა გაემიჯნოს, რომ მისი აზრი მათ არ გამოიყენონ".
მიხეილ ყაველაშვილისგან განსხვავებით, კახა კალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ არანაირი წინააღმდეგობა სპორტსმენებისა და საქართველეოს ხელისუფლების პოზიციებს შორის არ არის.
UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი პოზიცია გამოხატა როგორც კანონპროექტთან, ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებასთან დაკავშირებით.
„მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველასთვის, პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“.
მკვეთრი და ემოციური იყო UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა:
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის და უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი“.
საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში გულისტკივილი გამოთქვა ერის გახლეჩის გამო და მოუწოდა საზოგადოებას გაერთიანდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე:
"ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო - როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!"
საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა ასევე გამოხატეს კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ, ვეტერანმა მორაგბემ გიორგი მაჩხანელმა, საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა მოთამაშეებმა: ზურიკო დავითაშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილმა, ირაკლი აზაროვმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი წიტაიშვილმა. შთამბეჭდავი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის გამოხმაურება, რომელშიც ციტირებულია ფეხბურთის ქომაგთა „ჰიმნად ქცეული“ სიმღერის ტექსტი.
„თქვენთან, თქვენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინიათ... გელოდებით“, - დაწერა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც თავის პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის შეერთებული დროშები დაურთო.