Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე 14 პირია დაკავებული


თბილისი. 15 აპრილი, 2024 წელი. სპეცრაზმი პარლამენტის შენობასთან
თბილისი. 15 აპრილი, 2024 წელი. სპეცრაზმი პარლამენტის შენობასთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დაკავების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეებმა „არ გაითვალისწინეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შესაბამისად 14 პირი დააკავა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად“ დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სპეცრაზმმა დემონსტრანტებს პარლამენტის შენობისთვის ალყის შემორტყმის საშუალება არ მისცა. აქციის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.

საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG