Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: ისრაელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის თავდასხმას


ისრაელზე ირანის თავდასხმის გამო 14 აპრილს საგანგებო სხდომა გამართა გაეროს უშიშროების საბჭომაც.
ისრაელზე ირანის თავდასხმის გამო 14 აპრილს საგანგებო სხდომა გამართა გაეროს უშიშროების საბჭომაც.

ისრაელის სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 14 აპრილს, ღამით დასრულებულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება ირანისთვის პასუხის გაცემას აპირებს, თუმცა მასშტაბი და ვადები ჯერ არ განუსაზღვრავს. ამერიკული ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, სამხედროებს დაევალათ დამატებითი ვარიანტების შემუშავება. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, სამხედრო კაბინეტი მომდევნო სხდომას უახლოეს ხანში გამართავს.

ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.

14 აპრილს ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ირანი უნდა შეაჩერონ, სანამ მსოფლიოს არ მიიყვანს რეგიონული მასშტაბის ომამდე, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ერდანმა საბჭოს მოუწოდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ თეირანის მიზანი არ არის ესკალაცია და ომი, მხოლოდ თავდაცვის უფლებას იყენებენ და მზად არიან, ნებისმიერ მუქარას ან აგრესიას უპასუხონ.

13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ დღეს, 15 აპრილს, განახლებული მონაცემებით, ევროპული სარდლობის საბრძოლო გემების მხარდაჭერით, 13-14 აპრილს გაანადგურეს 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით იყო ნასროლი ირანიდან და იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

ამერიკული სარდლობის განცხადებით, ირანი განაგრძობს უპრეცედენტო, ბოროტი განზრახვით უგუნურ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და აშშ-ის და კოალიციის ძალების უსაფრთხოებას. შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობა კვლავ მზად არის, ისრაელს დაეხმაროს ირანის სახიფათო მოქმედებებისგან თავდაცვაში.

ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს, რომლის წინააღმდეგ ისრაელი ომს აწარმოებს.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 33 ათასზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

XS
SM
MD
LG