საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "აგენტების კანონის" შეფასებისას დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და კანონპროექტის გარშემო პროცესების "გამჭვირვალობისათვის" მათ საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
პრემიერ-მინისტრმა ამ შეთავაზების შესახებ ინიციატივა 14 აპრილის საღამოს გამოაქვეყნა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. ამ შეთავაზებაში ნათქვამია, რომ დასავლელი დიპლომატები საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების პრაქტიკას ამკვიდრებენ და ხელისუფლება ამას გაგებით ეკიდება "ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით."
"თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ", - წერს ირაკლი კობახიძე, რომელიც ამავე ტექსტის მიხედვით, წუხს იმაზე, რომ დიპლომატების საჯარო განცხადებები საქართველოს მოსახლეობას იმ ქვეყნების ნდობას აკარგვინებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.
"ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.
ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მიიჩნევს, რომ ამ დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს კითხვები აღარ ექნებათ სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით.
დიპლომატების და დიპლომატიური მისიების პასუხამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ფეისბუკის მისსავე გვერდზე მწვავედ აკრიტიკებენ მოქალაქეები ამ ინიციატივის გამო, ახსენებენ დიპლომატიურ ეტიკეტს და მოუწოდებენ, ელჩებთან დისკუსიამდე საქართველოს მოსახლეობას მოუსმინოს ამ კანონის შესახებ. პოლიტიკოსები ოპოზიციიდან კი მთავრობას ახსენებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წლებია სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ და სტუმრადაც მხოლოდ მათდამი ლოიალურად განწყობილი ტელევიზიების ეთერში დადიან ინტერვიუების მისაცემად.
ირაკლი კობახიძის განცხადების ფონია საქართველოს პარლამენტში "რუსულ კანონად" წოდებული "აგენტების კანონის" დაბრუნება განსახილველად - ეს კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად უკან გაიწვია.
საქართველოს პარლამენტი "აგენტების კანონის" განხილვის დაწყებას 15 აპრილს აპირებს - საპარლამენტო განხილვის პარალელურად მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გეგმავენ.
უკვე ნაცნობი სადავო კანონის გარდა, 2024 წლის გაზაფხულზე "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა პარლამენტში - შეკრებისა და გამოხატვის შემზღუდავი ინიციატივა "ლგბტ პროპაგანდის" ასაკრძალად.