რუსეთი შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდეს დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიის რეგიონების უმეტესობის ხელში ჩასაგდებად, - ამის შესახებ Financial Times-ი უკრაინელ და დასავლელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის თანახმად, კიევის ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულნი არიან, რომ მოსკოვი უნდა გეგმავდეს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას. ამ მიზნით ის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს და განაგრძობს ქალაქისკენ რაკეტების სროლას.
ამ კვირაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემცირების შესახებ მას შემდეგ, რაც მასიური რუსული სარაკეტო და თვითმფრინავების დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა მათ შორის ხარკოვში.
რუსეთის ჯარები პრაქტიკულად ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს ხარკოვზე, რომელიც რამდენიმე ათეულ კილომეტრზე მდებარეობს საზღვრიდან. მარტში იტყობინებოდნენ იერიშების შესახებ უმსხვილეს ენერგეტიკულ ობიექტებზე ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში. ხარკოვში ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება.
თებერვლის ბოლოს, Bloomberg-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებული არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები არ გაზრდიან უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით.