Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკი: უბრალოდ ეს კანონი არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული


პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დღეს, 11 აპრილს, მედიასაშუალებების მიერ დასმულ კითხვას, - შესაძლოა თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრკოლებად იქცეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ინიციირებული "აგენტების კანონი", - თქვა, რომ "ეს კანონპროექტი, როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება კანონის მიღებაზე დადებითი შეფასების გაკეთება".

პაველ ჰერჩინსკიმ გამოთქვა გულწრფელი იმედი, რომ "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზაციის, გვერდზე გაწევისა და სტიგმატიზების გარეშე გამოინახება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჭირო გზა და აღნიშნა, რომ მას ესმის, "რომ ეს მხოლოდ წინადადებაა, რომელზე დისკუსიამაც რამდენიმე კვირას, შესაძლოა რამდენიმე თვეც გასტანოს" .

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა კანონპროექტის "ხელმეორედ ამოტივტივებიდან " 24 საათში ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია:

"ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ. ეს ლეგიტიმური შეშფოთებაა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც არ უნდა იყოს გამოყენებული სივრცის შეზღუდვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციის გასამართლებლად. სიტყვისა და მედიის თავისუფლება აბსოლუტურად აუცილებელია ყოველი დემოკრატიისთვის, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის. უბრალოდ ეს კანონი არ არის კარგი, ის არც ევროპულია და არც ამერიკული, როგორც ეს ხმამაღლა და მკაფიოდ მოისმინეთ აშშ-ის ელჩისგან გუშინ", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

მან ისაუბრა ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზეც. მისი სიტყვებით, ცხრავე ნაბიჯიდან თითოეული თანაბრად მნიშვნელოვანია.

ჰერჩინსკის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს, მუდმივ კონტაქტში იმყოფებიან საქართველოს ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან, მაგრამ მთავარი გზავნილი მისგან და ევროკავშირის 27 წვერი ქვეყნის ელჩებისგან არის ის, რომ "დრო იწურება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო. ყველა ინგრედიენტი არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწიოს და გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე და გახსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე, ცხრავე ნაბიჯი უნდა შესრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უკვე დავიწყეთ მომავალი გაფართოების ანგარიშის შედგენა", - თქვა ევროკავშირის ელჩმა, რომლის თანახმად, ევროკავშირი გაფართოების ანგარიშს რეკომენდაციებთან ერთად ოქტომბერში გამოაქვეყნებს და რეკომენდაციები "დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და გადამწყვეტად შესრულდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში". მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარდება და ყველა ნაბიჯზე იქნება იმგვარი პროგრესი, "რომ ევროკომისიამ შეძლოს დადებითი რეკომენდაციის გაცემა და წევრმა სახელმწიფოებმა მიმდინარე წლის დეკემბერში შეძლონ, დაეთანხმონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას საქართველოსთან". თუმცა ელჩის განცხადებით, ეს საკითხი სრულად "ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია“.

გუშინ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მედიასთან საუბარში "აგენტების კანონთან" დაკავშირებით თქვა, რომ მისი ხელახლა ინიციირება შემაშფოთებელია და რომ ის არ არის ამერიკის კანონის მსგავსი, როგორც ამას ირწმუნება მმართველი პოლიტიკური გუნდი.

მმართველი გუნდი შარშან გაზაფხულზეც და ახლაც იმეორებს ხოლმე, რომ "აგენტების შესახებ კანონიც" და მისი სახელშეცვლილი ვარიანტიც, რომელიც ტერმინ „უცხოური გავლენის აგენტს“ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ცვლის, არის ამერიკული „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" (FARA) ანალოგი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი არსებითად განსხვავდება ამერიკული FARA-საგან. სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი „სავარაუდოდ, ეფუძნება რუსეთის და უნგრეთის მსგავს კანონმდებლობას“.

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

სახელშეცვლილი, თუმცა შინაარსობრივად უცვლელი კანონპროექტის წარდგენას საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა უკვე მოჰყვა. კანონპროექტში ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ იცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება "საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა..."

ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.

გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ "აგენტების კანონს", მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

9 აპრილს თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე - „თავისუფლების მარში" გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის ინიციირება საქართველოს პარლამენტში.

XS
SM
MD
LG