8 აპრილს გაეროს უზენაეს სასამართლოში დაიწყო წინასწარი მოსმენა, რომლის მიზანია, შეაჩეროს გერმანიის მიერ ისრაელის სამხედრო და სხვა სახის დახმარება. ამ ნაბიჯის მომხრეთა თქმით, ბერლინი გენოციდის აქტებს და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას უწყობს ხელს ღაზის ომში.
ნიკარაგუა აცხადებს, რომ ისრაელისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო დახმარების აღმოჩენით და უარის თქმით გაეროს იმ უწყების დაფინანსებაზე, რომელიც პალესტინელთა დახმარებას ითვალისწინებს, „გერმანია ხელს უწყობს გენოციდის განხორციელებას და არცერთ შემთხვევაში არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომ ხელი შეუშალოს გენოციდის განხორციელებას“.
სასამართლოს ყურადღების ცენტრშია გერმანია, მაგრამ ის ირიბად ეხება ისრაელის სამხედრო კამპანიას ღაზაში, რომელიც ისრაელმა დაიწყო მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასი თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმის შედეგადაც ისრაელში დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, და 240-მდე მძევლად აიყვანა (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული). ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის შედეგად ღაზაში დაიღუპა 33 ათასზე მეტი ადამიანი, უმრავლესობა - ქალები და ბავშვები.
ისრაელი კატეგორიულად უარყოფს, რომ ღაზაში მისი მოქმედებები გენოციდის აქტია და აცხადებს, რომ ამას ის თავდაცვისთვის აკეთებს.
გერმანია უარყოფს სარჩელს, რომელიც გაეროში ნიკარაგუამ შეიტანა.
„გერმანიას არ დაურღვევია არც გენოციდის შესახებ კონვენცია, არც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ჩვენ ამას დაწვრილებით წარმოვადგენთ საერთაშორისო სასამართლოში“, განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის საგარეო საქმეთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა.
როგორც Associated Press-ი იუწყება, სასამართლოს სავარაუდოდ რამდენიმე კვირა დასჭირდება სარჩელთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, ნიკარაგუის სარჩელის განხილვა კი შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს.
ორშაბათის მოსმენა მიმდინარეობს ისრაელის მოკავშირეების მიმართ სულ უფრო გახშირებული მოწოდებების ფონზე, რომ შეწყვიტონ მისთვის იარაღის მიწოდება, ვინაიდან ღაზაში მიმდინარე ომს გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება სექტორისთვის.
პარასკევს ადამიანის უფლებების სფეროში გაეროს უზენაესმა ორგანომ ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა ან მიწოდება. აშშ და გერმანია რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ.