Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის თარიღს მოსამართლე მხარეებს მოგვიანებით შეატყობინებს


ფოტო არქივიდან: ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში
ფოტო არქივიდან: ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოში

2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნით სხდომაზე დაცვისა და ბრალდების შემაჯამებელი სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბირო ოთახში გავიდა. შესაბამისად, განაჩენი დღეს არ გახდება ცნობილი - მოსამართლემ თქვა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს მხარეებს მოგვიანებით შეატყობინებს.

დასკვნითი სხდომა ამ საქმეზე სამჯერ გადაიდო.

  • 15 იანვარს სხდომაზე, სადაც დაცვის მხარემ პროცესის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად უარი თქვა მოწმეების გამოკითხვაზე, დასკვნითი სხდომის თარიღად 26 თებერვალი დასახელდა;
  • თებერვლის ბოლოს, სხდომამდე 4 დღით ადრე, დასკვნითი სხდომა მოულოდნელად გადაიდო. მოსამართლე შვებულებაში ისე გავიდა, რომ სხდომის ახალი თარიღი არ განუსაზღვრავს;
  • მხოლოდ 29 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ დასკვნითი სხდომა მარტის ბოლო ხუთშაბათს გაიმართებოდა;
  • 28 მარტს ზვიად შარაძემ სხდომა ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო დარბაზში გამოუცხადებლობის გამო გადადო - ამ დღეს გრიგორიადისმა სხდომაში დისტანციურად მონაწილეობას ითხოვდა.

31 მარტს 1 წელი გახდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2 წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

გრიგორიადისის ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებენ, რომ პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს პრეზიდენტი შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლების გამოყენება ახალი პარლამენტის არჩევამდე, ანუ 2024 წლის ოქტომბრამდე შეუძლია.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის სასამართლო განხილვის პარალელურად, მმართველმა პარტიამ კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგ პროტესტითაც 2023 წლის გაზაფხულზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

XS
SM
MD
LG