რუსეთის კრასნოდარის მხარეში გაორმაგდა თანხა, რომელსაც უკრაინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ მიიღებს სახელმწიფოსგან სამხედრო უწყებასთან კონტრაქტის გაფორმების მსურველი. ამ თანხის მილიონ რუბლამდე გაზრდის შესახებ ყუბანის რეგიონის ხელმძღვანელმა ბენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.
ამ თანხას მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს 1 აპრილის შემდეგ გააფორმებენ. კონდრატიევს არ დაუკონკრეტებია, თუ რა წყაროებიდან მოხდება ამ თანხების დაფინანსება. ყუბანის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ფულადი თანხის გარდა, უკრაინაში ომში მონაწილე სამხედროების ოჯახების სოციალური დაცვის მიზნით, რეგიონში მოქმედებს მხარდაჭერის სულ ცოტა 30 ზომა.
ყუბანის მასშტაბით მიმდინარე წელს უკვე მესამედ გაიზარდა უკრაინის ომში მონაწილეთათვის განკუთვნილი ერთჯერადი თანხა. 2 თებერვალს თანხის მოცულობა 200-დან 300 ათას რუბლამდე გიზარდა. მაშინ გამოცხადდა, რომ თანხები რეგიონის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფოდა. ათი დღის შემდეგ კი ეს თანხა 500 ათას რუბლამდე გაიზარდა.
გამოცემა „7x7-ის" თანახმად, ადრე მაქსიმალური რეგიონული ანაზღაურების მხრივ, 905 ათასი რუბლით, პირველ ადგილზე იყო ლენინგრადის რეგიონი.
რეგიონული ანაზღაურების გარდა, ისინი, ვინც ხელს აწერენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე იღებენ რეგულარულ ფედერალურ ანაზღაურებას.
2022 წლის 21 სექტემბერს რუსეთში გამოცხადდა „ნაწილობრივი მობილიზება“, რომლის დროსაც, ოფიციალური მონაცემებით, არმიაში გაიწვიეს დაახლოებით 300 ათასი ადამიანი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში აქტიურად ხდება მოქალაქეების გადაბირება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, ასევე გრძელდება უკრაინაში საომრად პატიმრების გადაბირებაც. ამის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის არმია სულ მცირე 300 ათასი ადამიანით შეივსო.
3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ამ წლის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში კონტრაქტის საფუძველზე 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩაირიცხა.