Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სილქნეტიდან“ აბონენტების მონაცემების გაჟონვის საქმეზე 23 წლის პირი დააკავეს


„სილქნეტის“ ცენტრალური ოფისი
„სილქნეტის“ ცენტრალური ოფისი

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტის“ კომპიუტერული სისტემიდან ათასობით მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გაჟონვის საქმეზე 23 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

უწყების განცხადებით ირკვევა, რომ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევით დაეუფლნენ 5000-მდე აბონენტის პერსონალურ მონაცემებს.

[დაკავებული] არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას“, - წერია შსს-ს განცხადებაში.

23 წლის კაცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„სილქნეტიდან“ მონაცემების გაჟონვის საქმეზე რადიო თავისუფლებამ მასალა 19 მარტს მოამზადა. სატელეკომუნიკაციო კომპანიამ კი ამ საკითხზე განცხადება მომდევნო დღეს გაავრცელა.

„სილქნეტი“ წერდა, რომ მათი ბაზებიდან გავრცელდა „მომხმარებელთა მცირე ჯგუფის“, 2 000-მდე ადამიანის მონაცემები. შსს-ს განცხადებით კი გაირკვა, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან გაცილებით მეტი მონაცემი გავრცელდა.

კომპანიიდან ინფორმაციის გაჟონვის საკითხის შესწავლა 18 მარტს დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა. უწყება იკვლევს:

  • რამდენად დაცული იყო პერსონალური მონაცემების დაცვის უსაფრთხოების ზომები "სილქნეტში";
  • შეასრულა თუ არა კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულება.

სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტი" მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, რომელიც კომპანიას საკუთარ ვებსაიტზე აქვს გამოქვეყნებული, "სილქნეტს" ჰყავს:

  • მობილური ქსელის 1 859 784 აბონენტი;
  • ფიქსირებული ქსელის 154 555 აბონენტი;
  • ფიქსირებული ბროუდბენდის 339 452 აბონენტი;
  • ფასიანი ტელევიზიის 259 673 მომხმარებელი.
XS
SM
MD
LG