რუსეთის სამხედროებმა გაანადგურეს ხარკოვის პრაქტიკულად მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ქალაქის მერმა იჰორ ტერეხოვმა გააცხადა.
„არ ვიცი, რა გეგმა აქვს მტერს. უკვე დანგრეულია პრაქტიკულად მთელი კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - კერძოც. რუსეთს სურს, დაგვაშინოს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ორი წლის განმავლობაში ვიხილეთ სხვადასხვა დონის მუქარა, დაწყებული დივერსიულ-მზვერავი ჯგუფით თავად ხარკოვში. იყო დრო, როცა პრაქტიკულად ორმილიონიანი ქალაქიდან 300 ათასი რჩებოდა. ენერგეტიკული დარგისთვის ვითარება ძალზე მძიმეა“, - თქვა მერმა.
ტერეხოვის თქმით, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას, სხვადასხვა შეფასებით, მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
რუსეთის ჯარები პრაქტიკულად ყოველდღიურად ახორციელებენ დარტყმებს ხარკოვზე, რომელიც რამდენიმე ათეულ კილომეტრზე მდებარეობს საზღვრიდან. მარტში იტყობინებოდნენ იერიშების შესახებ უმსხვილეს ენერგეტიკულ ობიექტებზე ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში. ხარკოვში ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხორციელდება.
უკანასკნელ დღეებში იტყობინებოდნენ ასევე იმის თაობაზე, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქში კორექტირებადი ავიაბომბების ჩამოყრა დაიწყეს - პირველად 2022 წლის შემდეგ.
მერის თქმით, იერიშებისა და ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის მიუხედავად ქალაქში რჩება დაახლოებით 1,3 მილიონი მოსახლე, რამდენიმე ასეული ათასით ნაკლები, ვიდრე ომამდე იყო. ვერც ხელისუფლება და ვერც სამხედროები ჯერჯერობით ვერ ხედავენ ხარკოვის ევაკუაციის აუცილებლობას. ტერეხოვის თქმით, ევაკუაციის თაობაზე ჭორებს რუსეთის მხარე ავრცელებს, „რათა დააშინოს და ანერვიულოს ქალაქის მოსახლეობა“. მერი ირწმუნება, რომ „ქალაქში არ არის პანიკა“.
რუსეთის ჯარებმა ხარკოვის აღება სცადეს უშუალოდ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ - 2022 წლის თებერვალ-მარტში. მოგვიანებით მოხდა ფრონტის ხაზის სტაბილიზება, 2022 წლის სექტემბერში კი რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს სახელმწიფო საზღვრის მიღმა. ხარკოვს კვლავაც უშენენ ცეცხლს. უკანასკნელ ხანებში როგორც კრემლის მომხრე, ისე დამოუკიდებელი გამოცემები წერდნენ იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, რუსეთის ჯარები ხარკოვზე ახალ იერიშს ამზადებდნენ.