Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის მერი: რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ მიესალმებიან ოლიმპიადაზე პარიზში


ანნ იდალგო კიევში - 2023 წლის თებერვალი
ანნ იდალგო კიევში - 2023 წლის თებერვალი

პარიზის მერმა ანნ იდალგომ განაცხადა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში, ოლიმპიადაზე სასურველი სტუმრები არ იქნებიან სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან. უკრაინელი სპორტსმენების შესახებ კი იდალგომ თქვა, რომ პარიზში მათ მხარს დაუჭერენ და მიიღებენ, როგორც გმირებს. განცხადებები გაკეთდა ხუთშაბათს, როცა პარიზის მერი კიევში იმყოფებოდა.

ანნ იდალგოს სიტყვებს Le Monde ციტირებს.

ზაფხულის ოლიმპიადა საფრანგეთში ივლისის ბოლოს გაიხსნება (26 ივლისი-11 აგვისტო).

„მინდა ვუთხრა რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომ მათ ჩასვლას არ მიესალმებიან პარიზში“, - განაცხადა ანნ იდალგომ 28 მარტს კიევში, უკრაინელი სპორტსმენების მოსამზადებელ ცენტრში ვიზიტის შემდეგ. მერის განცხადება გადაიღო უკრაინულმა არხმა United News-მა.

Le Monde წერს, რომ პარიზის მერის კომპეტენცია არ არის, ოლიმპიადაზე დასაშვები ქვეყნების სიის განსაზღვრა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს მისცა უფლება, რომ ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა. იზღუდება მათი მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაში, დელეგაციების აღლუმის დროს. Le Monde აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამ პოზიციას მწვავე რეაქცია მოჰყვა მოსკოვიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პარიზის მერის საპასუხოდ რუსეთის მხარეს მოუწოდა, შეარჩიოს ფრანგული წარმოების ერთი რომელიმე პროდუქტი, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი რუსეთის სავაჭრო ქსელში და განაცხადოს, რომ „მას არ მიესალმება“. ზახაროვა ფიქრობს, რომ ამის შემდეგ „ფრანგული ბიზნესის წარმომადგენლები შტურმით აიღებენ პარიზის მერიას“.

უკვე გამოცხადებული გადაწყვეტილებით, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებენ „ნეიტრალური ინდივიდუალური სპორტსმენების“ ერთიანი ჯგუფის სახით. თუკი რომელიმე გაიმარჯვებს, ქვეყნის დროშის ნაცვლად, აღიმართება ამ ჯგუფის დროშა [თეთრი წარწერით მწვანე ფონზე] და შესრულდება სპეციალურად შექმნილი ნეიტრალური ჰიმნი.

Le Monde იტყობინება, რომ რუსი სპორტსმენების ნაწილმა უარი განაცხადა ამ პირობებით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

XS
SM
MD
LG