"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე მზად იყო დასკვნითი სიტყვისთვის. თუმცა, ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლო პროცესზე გამოცხადებაზე. ასევე, გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო პროცესში დისტანციურად. სასამართლომ გადადო პროცესი, ვინაიდან, დისტანციური ჩართვის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, არ მისცა. უფრო სწორედ, დისტანციურად არ ჩართო ბრალდებული. [...]
ვინაიდან მას არც ჯანმრთელობის მდგომარეობა და არც რაიმე სხვა გარემოება უშლიდა ხელს პროცესში მონაწილეობას და ეს უბრალოდ მისი სურვილი იყო, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოკლე ვადით, ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით, გადაედო პროცესი" - თქვა სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა თანახმა ბრალდების მხარე გრიგორიადისმა დასკვნითი სიტყვა თქვას ონლაინ, პროკურორმა უპასუხა, რომ მათთვის არაფერს ცვლის ის, დაესწრება თუ არა პროცესს ბრალდებული. მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია.
28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის 12 საათზე დანიშნული პროცესი, სადაც მოსამართლე ზვიად შარაძეს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინა, 27 წუთის დაგვიანებით გაიხსნა და 4 წუთში დასრულდა.
ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, უკვე მესამედ გადაიდო.
დასკვნითი სხდომის გადადების საფუძველი ლაზარე გრიგორიადისის გადაწყვეტილება გახდა, უარი ეთქვა სასამართლო დარბაზში მოსვლაზე და მოეთხოვა დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფა. მოსამართლეს წარუდგინეს როგორც ბრალდებულის ადვოკატის წერილი, ისე ცნობა პენიტენციური სამსახურიდან იმის დასტურად, რომ გრიგორიადისს ნამდვილად სურდა პროცესში დისტანციურად მონაწილეობა. მოსამართლე ზვიად შარაძემ თქვა, რომ ამ დოკუმენტებში განმარტებული არ იყო მიზეზი, რის გამოც ბრალდებულმა უარი თქვა გამოცხადებულიყო დარბაზში და, შესაბამისად, მხარეების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის საჭიროდ მიიჩნევდა ამ პროცესის გადადებას.