ეს მასალა შეიცავს ძალადობის აღწერას, რაც შეიძლება უსიამოვნოდ მიიჩნიოთ.
24 მარტს ღამით მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააპატიმრა მოსკოვის გარეუბანში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ოთხი პირი. 22 მარტის ტერაქტს 137 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 182 დაშავდა.
დალერჯონ მირზოევს, საიდაკრამ რაჯაბალიზოდას, მუჰამადსობირ ფაიზოვს და შამსიდინ ფარიდუნის სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ ტერორიზმის ბრალდებით. პატიმრობის შესახებ სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
ეჭვმიტანილები ბასმანის სასამართლოს დარბაზებში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს. მირზოევს კისერზე ჰქონდა ცელოფნის პარკის ნაჭრები, რომელიც სახის დასაფარად გამოიყენეს. რაჩაბალიზოდას დაკავებისას ყური მოაჭრეს. თავის ეს მხარე არ არის ნაჩვენები სასამართლოში გადაღებულ ფოტოებზე. სასამართლომ განაცხადა, რომ ორივემ აღიარა დანაშაული.
ბრალდებულებს დაუნიშნეს თარჯიმანი, ვინაიდან ორმა მათგანმა რუსული არ იცის. გამოძიებამ მოითხოვა, სხდომები დახურულ რეჟიმში გაიმართოს გამოძიების საიდუმლოდ დაცვისა და პროცესის მონაწილეთა და მათი ახლობლების უსაფრთხოების დაცვის მოტივით.
პროცესის იმ ნაწილიდან, რომელიც არ იყო დახურული, ცნობილია, რომ მირზოევი რეგისტრირებული იყო რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში. ის 32 წლისაა, დაქორწინებულია და ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის წელიწად-ნახევრის ტყუპები. მუროდალიმ თქვა, რომ არის 30 წლის, ცოლიანი და ჰყავს შვილი.
შამსიდინ ფარიდუნმა სხდომაზე თქვა, რომ ის არის 25 წლის, დაქორწინებული, დარეგისტრირებულია მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში, სადაც მდებარეობს „კროკუს სიტი ჰოლი“. მუშაობდა პარკეტის ქარხანაში. ჰყავს რვა თვის შვილი. კითხვების უმეტესობას თარჯიმნის გარეშე უპასუხა.
შებოჭილი და მუხლებზე მდგომი ფარიდუნის დაკითხვის ვიდეო გამოჩნდა ომის მომხრე საჯარო ჯგუფებში. ვიდეოში ის ამბობს, რომ მას ხალხის დახოცვაში 500 ათასი რუბლი შესთავაზეს. მოგვიანებით გამოჩნდა ფოტო, სადაც მას, სავარაუდოდ, ელექტროშოკით აწამებდნენ.
მეოთხე ბრალდებული, 19 წლის მუჰამდსობირ ფაიზოვი, სასამართლო დარბაზში ბორბლებიანი საკაცით შეიყვანეს. მას შიშველ ტანზე სამედიცინო ხალათი ეცვა. გუშინ ის იმყოფებოდა რეანიმაციაში, სადაც ჩაუტარდა დაკითხვა. დაკავებისას მას თვალი ამოუგდეს ბუდიდან. აცხადებენ, რომ მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია.
ფაიზოვი ქალაქ ივანოვოში მუშაობდა საპარიკმახეროში. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ქალაქში პოპულარული პარიკმახერი იყო. მოსამართლე ტიმურ ვახრამეევმა ბრალდებულის თანმხლები ექიმებიც კი გაათავისუფლა მისი დაკავების შესახებ სხდომიდან.
გამოძიებას არ დაუსახელებია დანაშაულის სავარაუდო მოტივი. მანამდე საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმისთვის. საქმეზე სულ 11 ადამიანია დაკავებული. დანარჩენი დაკავებულების შესახებ არაფერია ცნობილი.