მოსკოვის მახლობლად საკონცერტო ცენტრ „კროკუს სიტი ჰოლში“ 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. მანამდე 133 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ. ამოცნობილია 62 ადამიანი, ამოცნობა გენეტიკური ექსპერტიზის გზით წარმოებს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.
მოსკოვში დაიწყეს ტერაქტის მსხვერპლთა მიწვევა ამოსაცნობად.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი საავადმყოფოებში იმყოფება.
გამომძიებელთა თანახმად, „კროკუს სიტი ჰოლის“ შემოწმების შედეგად ნაღმების კვალი არ არის აღმოჩენილი. ნაპოვნია საბრძოლო ამუნიციის ოთხი კომპლექტი, 500-ზე მეტ ვაზნა, ორი ავტომატი „კალაშნიკოვი“ და მათი 30-მდე მჭიდი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერ არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია თავდასხმის დამკვეთთა და ორგანიზატორთა თაობაზე.
ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილია ოთხი პირი, რომლებიც ცენტრალური აზიიდან არიან.
მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის გარეუბანში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტერაქტიდან 19 საათის შემდეგ, შაბათს, სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ბოროტმოქმედებასთან კავშირში მყოფი პირები მიემგზავრებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც უკრაინის მხრიდან მათთვის საზღვრის გადასაკვეთი „ფანჯარა“ იყო მომზადებული.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს ბრალი დასდო, რომ ის ტერაქტში უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს. გარდა ამისა, მან მიანიშნა ტერაქტთან თავად რუსეთის ხელისუფლების კავშირის შესაძლებლობაზე.
აშშ-მა მანამდე განაცხადა, რომ არ არსებობს ტერაქტთან კიევის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საპასუხოდ განაცხადა, რომ „სანამ არ დასრულდება ‘კროკუს სიტი ჰოლის’ ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვაშინგტონის ნებისმიერი ფრაზა, რომელიც კიევს ამართლებს, სამხილად უნდა იქნეს მიჩნეული“.