Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა „კროკუს სიტი ჰოლში“ გადაღებული ვიდეო


რუსეთის მეხანძრე-მაშველები „კროკუს სიტი ჰოლში“, დამწვარ დარბაზში. 23 მარტი, 2024 წ.
რუსეთის მეხანძრე-მაშველები „კროკუს სიტი ჰოლში“, დამწვარ დარბაზში. 23 მარტი, 2024 წ.

როგორც BBC იუწყება, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო „ამაკმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ შედიან ტერორისტები საკონცერტო ცენტრის შენობაში, როგორ ხსნიან ცეცხლს და როგორ კლავენ ცივი იარაღით ძირს დაცემულ ერთ-ერთ ადამიანს.

„კადრებში ჩანს ოთხი თავდამსხმელი. ჩანაწერის ავთენტურობაზე შეიძლება იმით ვიმსჯელოთ, რომ მათი ტანსაცმელი დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორც თავდასხმის თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებში. ადგილი, სადაც ვიდეოა გადაღებული, ასევე არ იწვევს ეჭვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვიდეოში თავდამსხმელთა ქმედებებში არ შეიმჩნევა აჩქარება და მღელვარება. კადრში ერთხელაც კი არ ჩნდება შენობის დაცვა“, - წერს ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის რუსული რედაქცია, რომლის მიხედვითაც, ჩანაწერში, ვინაობის დაფარვის მიზნით, „ბოევიკების“ სახეები გაბუნდოვანებულია.

„ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა; ისლამისტები ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად ზოგიერთ მსხვერპლს თავი მოჰკვეთეს.

ვიდეო გაფორმებულია არაბული სუბტიტრებით, რომლებიც თან ახლავს ტერორისტების მიერ გაჟღერებულ რელიგიურ ლოზუნგებს. ჩანაწერში ჩანს, როგორ უხსნის ავტომატიდან ცეცხლს ერთ-ერთი თავდამსხმელი შენობაში მყოფ ადამიანებს, მეორე კი როგორ ამხნევებს მას და მოუწოდებს, "მოკლას, არ დაინდოს ისინი".

BBC-ს ცნობით, ეს არის მეოთხე მსგავსი ვიდეო, რომელიც გამოაქვეყნა "ისლამურმა სახელმწიფომ" „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

Reuters-ის ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი და დაჭრილია ასზე მეტი. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსხვერპლის რიცხვი ალბათ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG