Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე


ფოტო არქივიდან: საქართველოს პარლამენტის პლენარული დარბაზი, დეპუტატები უსმენენ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.
ფოტო არქივიდან: საქართველოს პარლამენტის პლენარული დარბაზი, დეპუტატები უსმენენ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას.

საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით დაძლია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო. საკითხი დღეს, 19 მარტს, განიხილებოდა პლენარულ სხდომაზე და დღესვე უყარეს კენჭი.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. პარლამენტის მიერ 20 თებერვალს მიღებული შესწორებებით, იცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

უფრო ზუსტად:

ცვლილება N1

  • მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის 100 დეპუტატის (ორი/მესამედის) თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, ტარდება განმეორებით კენჭისყრა - ამ შემთხვევაში 76 დეპუტატის (ნახევარზე მეტის) მხარდაჭერა საკმარისია კანდიდატის ექვსი თვით ასარჩევად.
  • საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტით, პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატების შესარჩევად საკმარისია 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის სამი/მეხუთედის) მხარდაჭერა. თუ კანდიდატს ვერ აირჩევენ, ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება 76 დეპუტატის ხმა. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დეპუტატების ნახევარზე მეტი კანდიდატს არა ექვსი თვით, არამედ ხუთი წლით ირჩევს.
  • პრეზიდენტს ამ საკითხზე ჰქონდა კომპრომისული შეთავაზება. კანდიდატების პირველივე კენჭისყრაზე ასარჩევად საჭირო ყოფილიყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდებოდა აუცილებელი, 76 დეპუტატის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნებოდა კანდიდატის ექვსი თვით არჩევა.

ცვლილება N2

  • კანდიდატების შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კომისიის მიერ შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. პრეზიდენტი ითხოვდა, არ შეცვლილიყო მისი როლი ცესკოს წევრების არჩევის პროცესში.

ცვლილება N3

  • პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობდა ამ მოადგილის უფლებამოსილებების შემდეგნაირად შემცირებას - მას თავმჯდომარის შეცვლა შესძლებოდა მხოლოდ თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში.

პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ვეტოს დაძლევის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყვის მის ხელმოწერაზე, კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ შეიძენს სამართლებრივ წონას.

XS
SM
MD
LG