ქვედანაყოფში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის (იჩქერიის) მომხრეებიც იბრძვიან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოფლის ადმინისტრაციის დაკავების შესახებ ინფორმაციას.
"ციმბირის ბატალიონის" სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას თან ახლავს ფოტო, რომელზეც სამხედროებს სახეები დაფარული აქვთ. მაგრამ ზოგიერთ მათგანს საველე ფორმის სამკლავურზე ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის შეიარაღებული ძალების ემბლემა უკეთია. ერთ-ერთ სამხედროს ხელში უჭირავს, სავარაუდოდ, სოფელ გორკის ადმინისტრაციის შენობის ფასადიდან ჩამოხსნილი აბრა. ძნელია იმის დადგენა, თუ სად არის გადაღებული ეს ფოტო. როგორც „კავკაზ. რეალიი“ წერს, პროგრამებმა, რომლებითაც სურათის სტრუქტურაში მანიპულაციის დადგენა შეიძლება, შედეგი ვერ აჩვენეს.
15 მარტს უკრაინის მხარეზე მებრძოლი ჩეჩნეთის ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონის (OPON) მეთაურმა რუსტამ ალიევმა რუსეთში დივერსიული საქმიანობის დაწყების შესახებ განაცხადა.
14 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილიდან უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რაიონებში ახალი ბრძოლები გაჩაღდა.
ორი დღით ადრე, 12 მარტს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფების წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან სამშობლოს გათავისუფლებას.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.