Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აცხადებენ, რომ დრონებით შეუტიეს რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას


რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს რუსეთის კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ დღეს, 15 მარტს, დრონებით შეუტიეს კალუგის ოლქში მდებარე საწარმოს, „პირველ ქარხანას“, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სამხედრო მიზნებით იყენებს. წყაროს თანახმად, დრონებმა „დასახულ მიზანს მიაღწიეს“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელს სხვა დეტალები არ გაუმხელია.

დღეს დილით, კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ძერჟინსკის რაიონში „ჩაახშეს“ 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გუბერნატორის მტკიცებით, ინფრასტრუქტურა არ დანგრეულა და არავინ დაშავებულა. ნავთობქიმიური საწარმო „პირველი ქარხანა“ მდებარეობს კალუგის ოლქის იმ რაიონში, რომელიც შაპშამ დაასახელა.

რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ ერთ-ერთი დრონი ქარხნის მილს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია.

  • 12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.
  • 13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზე.
  • 13 მარტს დრონებით იერიში იყო რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანიის, „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა.
  • 13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

XS
SM
MD
LG