Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელობა თვლის, რომ უკრაინისთვის დახმარების შეფერხება რუსეთს ფრონტზე წარმატებაში შეუწყობს ხელს


CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ უკრაინისთვის დახმარების შეფერხება რუსეთს ფრონტზე წარმატებაში შეუწყობს ხელს.
CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი თვლის, რომ უკრაინისთვის დახმარების შეფერხება რუსეთს ფრონტზე წარმატებაში შეუწყობს ხელს.

აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, უილიამ ბერნსის თანახმად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმა იქნება „მასშტაბური ისტორიული შეცდომა.“

„თუ ჩვენ უარს ვეტყვით უკრაინას მხარდაჭერაზე, - თქვა ბერნსმა, - ეს ინდოეთის და წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს ეჭვს გაუღვივებს და წააქეზებს ჩინეთის ხელმძღვანელობის ამბიციებს“, - განაცხადა მან დაზვერვის კომიტეტში, სენატში საჯარო მოსმენების დროს.

აშშ-ის დაზვერვის სამსახურების შეფასებით, ამერიკის დახმარების გარეშე უკრაინა დაკარგავს კონტრიერიშის შედეგად დაბრუნებულ მიწებს. CIA-ის დირექტორის თქმით, თუ უკრაინას არ დავეხმარებით, ვიხილავთ „ახალ ავდეევკებს“ - იგი გულისხმობდა თვეების განმავლობაში მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის შემდეგ უკრაინის არმიის უკანდახევას ავდეევკიდან.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის ხელმძღვანელმა ავრილ ჰეინსმა თქვა, ეს დახმარება განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთის მიერ ტყვია-წამლის წარმოებისა და ჩრდილოეთ კორეაში და ირანში მათი შესყიდვის ზრდის ფონზე.

უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომელსაც თეთრი სახლი ითხოვდა კონგრესისგან, მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე, ვარაუდობენ აშშ-ის სადაზვერვო უწყებები. უკრაინის არმია არა მარტო შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ამჟამინდელი პოზიციები, არამედ შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისისთვის „სტრატეგიული ინიციატივა“ მის ხელში აღმოჩნდეს. ახალი იარაღის მიღების შემდეგ, ბერნსის თქმით, მას შეეძლება, გაზარდოს ომის ღირებულება რუსეთისთვის, დაარტყას არა მხოლოდ ყირიმში მდებარე სამიზნეებს, არამედ შავი ზღვის ფლოტსაც.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა 15 რუსული ხომალდი. ავრილ ჰეინსმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინაში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, განადგურდა მისი ყველაზე თანამედროვე ათასობით ტანკი და ჯავშანმანქანა.

კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას.

XS
SM
MD
LG