Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა


სალომე ასათიანის პოდკასტი

ბორხესი: შეუძლებელი ცოდნის ლიტერატურა
please wait

No media source currently available

0:00 1:07:42 0:00
გადმოწერა

“რეალობა არ არის ყოველთვის შესაძლებელი, ან სავარაუდო. ჩვენ სულ მზად ვართ რეალობის მისაღებად, შეიძლება იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რეალური არაფერია“ - ეს სიტყვები ხორხე ლუის ბორხესს ეკუთვნის, არგენტინელ მწერალს, მეოცე საუკუნის ლიტერატურის ბუმბერაზს. თუმცა მისგან შემოგვრჩა სხვა ციტატაც - „სამყარო, სამწუხაროდ, რეალურია. მე, სამწუხაროდ, ბორხესი ვარ“.

ბორხესთან ლიტერატურა მართლაც გაემიჯნა „რეალობას“ - ფსიქოლოგიურ, სოციალურ რეალიზმს, იდეას, რომ მწერალმა მკითხველი „რეალობის სარკეში“ უნდა ჩაახედოს. მასთან ლიტერატურა გადაიქცა თვითრეფლექსიურ, ფიქრიან ნაწარმოებებად - ტექსტებად, რომლებმაც თითქოს თავადვე იციან, რომ ისინი ტექსტებია, გამოგონილია, შეთხზულია. და რომლებიც საზრდოობენ არა რეალობით, არამედ თავისივე ლიტერატურული სამყაროთი, მათ შორის „არამხატვრული“ სამყაროთი - რადგან ბორხესის მასშტაბური ერუდიცია თეოლოგიას, მეცნიერებას, მეტაფიზიკას, ისტორიას, მათემატიკასაც კი ფანტაზიის, წარმოსახვის ლიტერატურად გადააქცევს.

ბორხესი იყო პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, თუმცა აღიარება მას მოუტანა მოკლე პროზაულმა ტექსტებმა, მისმა ფიქციებმა - ficciones - თავიანთი ფანტასტიკური სახეებით, ინტელექტუალური პარადოქსებით და უნიკალურად ლაღი მიმართებით ცოდნის სისტემებისადმი. ამ ტექსტებს ბორხესი წერდა როგორც რეცენზიებს, ხელნაწერების ინტერპრეტაციებს, აკადემიურ ნაშრომებს, ენციკლოპედიის სტატიებს, ნეკროლოგებს. ის ისე დამაჯერებლად განიხილავდა ხოლმე თავისივე გამოგონილ წიგნებს - შენიშვნების დართვით - რომ მკითხველები შემდეგ უშედეგოდ იწყებდნენ ამ არარსებული გამოცემების ბიბლიოთეკებში ძიებას.

ედვინ უილიამსონი
ედვინ უილიამსონი

ბორხესი ფილოსოფოსი არ იყო, არც თავს მიიჩნევდა ასეთად - თუმცა თავის ლიტერატურულ მინიატურებში ის მუდმივად უბრუნდება სუბსტანციას, იდენტობას, ენის, ენობრივი სტრუქტურების შეზღუდულობას, დეტერმინიზმს და შემთხვევითობას, უსასრულობას. და დროს - რომელიც სუბიექტურია, ციკლური, წრიული, პარალელური, ალტერნატიული, და უსასრულო ლაბირინთებს მოიცავს. ამ მეტაფიზიკური მგრძნობელობის გამო მის მოკლე, ეკონომიურ ტექსტებს ჰამლეტის სიტყვებითაც აღწერენ ხოლმე - „ოჰ, ღმერთო ჩემო! მე თუნდა კაკლის ნაჭუჭში მომწყვდეული ვიყო, ჩემი თავი დაუსრულებელი სივრცის მფლობელი მეგონებოდა“. ბორხესის სამყაროში გვხვდება ფანტასტიკური, ხშირად გამეორებული სახეების გალერეა - კოსმიური ლაბირინთები, უდაბნოები, ორეულები, სარკეები, უსასრულო ბიბლიოთეკები და წიგნები, იდუმალი ალფაბეტები, ციფრები, მონეტები, ვეფხვები, ვარდები; ქალები, რომლებიც კვდებიან, კაცები, რომლებიც გაბედულად უსწორებენ სიკვდილს თვალს.

ამიტომაც, ეს ლიტერატურა თავადაა ფანტასტიკური ლაბირინთი - პარადოქსებით, ურთიერთგამომრიცხავი მოცემულობებით, შენიშვნებით და მინიშნებებით სხვა ტექსტებზე, „ფალსტარტებით“, და ასე შემდეგ. მაგრამ ეს დიდწილად აპოკრიფულია, გამოგონილია, ირონიულია ხოლმე და ყველაფერი ძალიან საინტერესო ხდება მაშინ, თუ არ დავიკარგებით და შევძლებთ მივაგნოთ მთავარ რთულ მეტაფორას - შეუძლებლობას, რომელიც ჩვენი წარმოსახვისთვის მისაღებია. „თუკი წარმოსახვისთვის რაღაც მისაღებია, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას იტყოდა უბრალო ლოგიკა“ - ამბობდა ბორხესი, და ის მუდმივად ამ იდეის ძიებაშია.

ეფრაინ კრისტალი რადიო თავისუფლების სტუდიაში
ეფრაინ კრისტალი რადიო თავისუფლების სტუდიაში

იმ რეალობაში, რომელსაც ვიცნობთ, ეს სახეები შეუძლებელია - არ არსებობს და ვერ იარსებებს. მათ შორის ალტერნატიული სამყაროს მომცველი ენციკლოპედია, რომელიც ბოლოს ჩვენს ცხოვრებას შეცვლის; წიგნი გვერდების უსასრულო რაოდენობით; ადამიანი, რომელსაც სრულყოფილი მეხსიერება აქვს, მაგრამ არ შეუძლია იფიქროს; მონეტა, რომელიც ყველა სხვა მონეტაა; ფრანგი მწერალი, რომელიც მეოცე საუკუნეში ზუსტად წერს „დონ კიხოტის“ ფრაგმენტს; თუ ბუენოს-აირესის რომელიღაც სარდაფში მოკიაფე პატარა სფერო, რომელიც მთელ დროსა და სივრცეს, მთელ უსასრულობას იტევს - როგორც ეს ხდება ბევრის მიერ ბორხესის შემოქმედების მწვერვალად მიჩნეულ მოთხრობაში, სათაურით „ალეფი“.

მაგრამ ჩვენი წარმოსახვა ამ სახეებს იღებს - რადგან ისინი უნივერსალურ კითხვებს მიემართება. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ილუზიაა? სიზმარია? რა მოხდებოდა აბსოლუტურად ყველაფრის დამახსოვრება რომ შეგვეძლოს? რამდენად გვზღუდავს ჩვენი გონება, ენა, რომლითაც სამყაროს აღვიქვამთ? უსასრულობა სხვადასხვაგვარია? ან საერთოდ რას ნიშნავს ჭეშმარიტების, ღმერთის ძიება, უსასრულობის აღქმის აუხდენელი სურვილი, ტოტალური ცოდნის მოპოვების შეუძლებელი ვნება?

რობერტო გონზალეს ეჩევარია
რობერტო გონზალეს ეჩევარია

ბორხესი უსინათლო იყო - ბავშვობიდან სუსტი თვალების მქონემ, მხედველობა 55 წლის ასაკში დაკარგა, და ამ ასაკშივე გახდა ბუენოს-აირესის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. „ღმერთმა, დიდებული ირონიით, ერთად მიბოძა წიგნები და ღამე“ - წერს ერთ ლექსში. უსინათლობამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი აღქმა თითქოს იდეალურ, უდროო სივრცეში მცხოვრებ მწერლად, რომელსაც მხოლოდ თვისი მეტაფიზიკური ძიებები აინტერესებს. თუმცა ეს ასე არ იყო. ბორხესი ცხოვრობდა აქტიური, ემოციური ცხოვრებით, ტკივილიანი სასიყვარულო ურთიერთობებით, ზოგჯერ გაბედული, ზოგჯერ კი - მისივე აღიარებით - მცდარი და უაღრესად პრობლემური პოლიტიკური შეხედულებებით. მისი „ლიტერატურული უტოპია“ არ იყო მოწყვეტილი არგენტინის და მსოფლიოს საჯარო სივრცეს, და ბორხესის მხატვრული სახეებიც ხშირად ავტობიოგრაფიულია.

ამ ეპიზოდში ჩვენი „კუთხეც“ ლაბირინთის ატმოსფეროს შეიძენს, თუმცა მასში დაკარგვისგან ბორხესის სამი ავტორიტეტიანი მკვლევარი დაგვიცავს. ეპიზოდს სტუმრობენ რობერტო გონზალეს ეჩევარია, იელის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი; ეფრაინ კრისტალი - კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) ლიტერატურის პროფესორი; და ედვინ უილიამსონი - ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ავტორი 2004 წელს გამოცემული წიგნისა „ბორხესი: ერთი ცხოვრება“, რომელიც ამ მწერლის ყველაზე მონუმენტურ ინგლისურენოვან ბიოგრაფიადაა მიჩნეული.

ჩვენს სტუმრებთან ერთად წავიკითხავთ ემბლემატურ ტექსტებს, შევეცდებით მივყვეთ „რთული მეტაფორების“ დრამატურგიას - მათ შორის ალბათ ბორხესის ყველაზე ცნობილი მეტაფორისა, „სამყარო, როგორც ბიბლიოთეკა“. მოგიყვებით ბორხესის ბიოგრაფიაზე, ბავშვობაზე, ახალგაზრდობაზე - წლებზე, როცა იგი ვნებიანი პოეტი და ბუენოს-აირესის ლიტერატურული ავანგარდის ლიდერი იყო.

ეპიზოდის ფინალი დაეთმობა „ალეფს“ - და იმ ემოციის მოხელთებას, რომელიც ბორხესის ცერებრალურ და სკეპტიკურ სამყაროში შეკავებულად, მაგრამ ისევ და ისევ ფეთქავს; ვნებას, მისწრაფებას ერთი მთლიანობით მოიხელთო სამყაროს თვალმიუწვდენელი სიდიდე და გამოცდილება - მაშინაც კი, როცა იცი, რომ ეს შეუძლებლობა არასოდეს მოხდება.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG