Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სწორი დაცვა სჭირდება საზოგადოებას" - ღარიბაშვილი ანტილგბტ კანონის იდეაზე


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღების გეგმას, რომელიც 29 თებერვალს გახმაურდა. ის ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „ხალხის დაცვის“ მიზანს ემსახურება.

„ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა ამ მავნებელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 მარტს, პარტიულ ორგანიზაციებთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს ასევე, რომ ამერიკასა და ევროპაში „აღვირახსნილი პროპაგანდა“ მიმდინარეობს, „ბაღებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს“ და „ეუბნებიან, რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, რომ შეიცვალოთო“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ მისი ვაჟი აშშ-ში სწავლობს. ამის შესახებ მას კომენტარი არ გაუკეთებია.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არის „კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით“ და „სწორი დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად - ღირებულებებს“.

29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, წყაროების მიუთითებლად, „საერთაშორისო კვლევებზე“ დაყრდნობით გამოაცხადა, რომ პროპაგანდის შედეგად - „18-25 წლის ახალგაზრდებს შორის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობა უკვე დაახლოებით 20 პროცენტს, ზოგან კი მეტსაც შეადგენს“ და „მაჩვენებელი 7 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მოყვანილი არგუმენტები სრულიად უსაფუძვლოა და ახალი კანონის მიღების საჭიროება არ არსებობს. მმართველი პარტიის ინიციატივას ძირითადად საარჩევნო მიზნებს უკავშირებენ და შიშობენ, რომ ის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას შეზღუდავს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ კონსტიტუციას დაიცავს.

„ოცნების“ ახალ ინიციატივას საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა უკვე უწოდა - „რუსული კანონი 2“. მანამდე, „რუსული კანონი“ ხალხმა, შარშან გაზაფხულზე, „აგენტების შესახებ“ კანონს დაარქვა.

არასრულწლოვნებში „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონი რუსეთში 2013 წელს მიიღეს. ხოლო 2022 წელს ის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე გავრცელდა. ხელისუფლება დღემდე უარყოფს, რომ რუსეთში ლგბტ+ თემი იდევნება. 20 თებერვალს პუტინმა თქვა, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ „როგორც სურთ“ და „არავინ არაფერში ზღუდავს“.

XS
SM
MD
LG