Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

AP: წყაროების თანახმად, ისრაელმა ღაზაში ცეცხლი გაუხსნა ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე ხალხს, მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი


ისრაელის შეიარაღებულi ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ხალხმრავლობისა და ჭყლეტის გამო და იმის გამო, რომ მათ სატვირთო ავტომობილებმა გადაუარა.“ პალესტინელები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. ქალაქი ღაზა, 26 თებერვალი, 2024.
ისრაელის შეიარაღებულi ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ხალხმრავლობისა და ჭყლეტის გამო და იმის გამო, რომ მათ სატვირთო ავტომობილებმა გადაუარა.“ პალესტინელები ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. ქალაქი ღაზა, 26 თებერვალი, 2024.

29 თებერვალს ისრაელის ჯარებმა ქალაქ ღაზაში ცეცხლი გაუხსნეს თავმოყრილ პალესტინელებს, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების დანაწილებას ელოდნენ. მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი. ამგვარად, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, ოქტომბერში ისრაელის იერიშის დაწყებიდან ღაზაში დაიღუპა 30 ათასზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

საავადმყოფოს წარმომადგენლები თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ ხალხზე* დარტყმა განახორციელეს ისრაელის ჯარებმა. მაგრამ მოგვიანებით თვითმხილველებმა თქვეს, რომ ისრაელის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც ხალხმა ფქვილისა და კონსერვების გადმოღება დაიწყო სატვირთო მანქანებიდან.

Associated Press-ის კორესპონდენტების თანახმად, ისრაელმა აღიარა, რომ მისმა ჯარებმა ცეცხლი გახსნეს და დასძინა, რომ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხალხი* სამხედროებს სახიფათოდ მიუახლოვდა. ისრაელის წარმომადგენლებმა მომხდარის დეტალებზე საუბრისას ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა კი გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ხალხმრავლობისა და ჭყლეტის გამო და იმის გამო, რომ მათ სატვირთო ავტომობილებმა გადაუარა.“

ქალაქი ღაზა და მიმდებარე ტერიტორიები ისრაელის არმიის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო იერიშის პირველი სამიზნე იყო მას შემდეგ, რაც ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაცია მოჰყვა 7 ოქტომბერს რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას, რომლის შედეგად 1200-მდე ისრაელელი იქნა მოკლული და 240-მდე მძევლად აყვანილი (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

* შესწორება: თავდაპირველ ტექსტში ეწერა „ბრბო“ (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ეს ტერმინი ასევე ნიშნავს „თავმოყრილ ხალხს“ და ყოველთვის არა აქვს უარყოფითი მნიშვნელობა), მაგრამ ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად ის „ხალხით“ შეიცვალა.

XS
SM
MD
LG