უკრაინის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობამ დაადასტურა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ სპეცოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის მებრძოლები.
დღეს, 29 თებერვალს, გამთენიისას სპეცდანიშნულების ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, მეომრები დაიღუპნენ სპეციალური დავალების შესრულების შემდეგ ჯგუფის ძირითადი ძალების უკან გასვლის უზრუნველყოფისას. რამდენი მებრძოლი დაიღუპა და სად, დაკონკრეტებული არ არის.
მანამდე რუსული წყაროებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინელი სპეცრაზმელები „გაანადგურეს“ ხერსონის ოლქში, ტენდროვსკის ისარაზე (ვიწრო ნახევარკუნძული) გადასვლის მცდელობისას. ამ ცნობების თანახმად, სავარაუდოდ, დაღუპულია 15 უკრაინელი მებრძოლი. უკრაინის ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
განახლება: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების 73-ე საზღვაო ცენტრის „დივერსიული ჯგუფის“ წევრებმა სწრაფმავალი კატერებიდან სცადეს გადასხდომა ხერსონის ოლქის სანაპიროზე, ტენდროვსკის ისარაზე. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსი სამხედროების მიერ „ხანმოკლე ბრძოლის შედეგად განადგურებული ოთხი ნავი ჩაიძირა, ერთი კი დიდი სისწრაფით უკან დაბრუნდა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „მოწინააღმდეგემ დაკარგა 25 სამხედრო“, 1 კი - დატყვევებულია.