ახალმა ხელისუფლებამ პომპეზურად აღადგინა ტრამვაის მოძრაობა, აამოქმედა ილიჩის სახელობის ქარხანა.
სინამდვილეში მარიუპოლში დარჩენილი მოსახლეობა კვლავ ებრძვის სიცივეს თავიანთ ბინებში და ძირითადად მხოლოდ მაღაზიებში და მშენებლობებზე მუშაობენ.
რა ხდება ოკუპირებულ ქალაქში - „კავკაზ.რეალიის“ კორესპონდენტმა საკუთარი თვალით იხილა. იანვრის ბოლოს ის იმყოფებოდა მარიუპოლში და ადგილობრივებთანაც მოახერხა გასაუბრება.
მარიუპოლი - სიცარიელე
ჩვენი მანქანა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) სასაზღვრო გასასვლელთან შეჩერდა.
სასაზღვრო კონტროლი აქ ფორმალურია: არის მხოლოდ ორი თანამშრომელი, რომელთაგან ერთს დიდი ზომის შავი ქურთუკი აცვია, მეორეს, რომელსაც მუქმწვანე ტანსაცმელი აცვია, ხელში ქაღალდის ნაჭერი და ფანქარი უჭირავს.
- გაიარეთ, - უხეშად გვეუბნება მწვანეტანსაცმლიანი, რომელიც, საბარგულის შემოწმებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პასპორტსაც კი ითხოვს.
„საზღვრის“ გადაკვეთას მაქსიმუმ სამი წუთი დასჭირდა და მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო იყო სიჩქარის შენელება.
ორი წლის წინ, სანამ რუსეთმა „დონეცკის რესპუბლიკა“ თავის რეგიონად გამოაცხადა, მარიუპოლის შესასვლელთან რიგები მრავალ კილომეტრზე იყო გაჭიმული. და მათი გვერდის ურიგოდ ავლა მხოლოდ სამხედროებს და მოხალისეებს შეეძლოთ.
ჩვეულებრივი მოქალაქეები კი 8-12 საათის, საუკეთესო შემთხვევაში - 4 საათის განმავლობაში ელოდნენ რიგის გავლას.
„საზღვრის“ შემდეგ იწყება ახლად დაგებული გზა, ის ჯერ ორზოლიანია, მაგრამ უკვე ფართოვდება. გზის გასწვრივ ყველაზე დიდი დასახლება ნოვოაზოვსკია.
მარიუპოლი 40 წუთის სავალზეა.
თუ ღამით მგზავრობ, მარიუპოლში ისე მოხვდები, რომ ვერც კი შეამჩნევ. რაღაც მომენტში გზაზე შუქნიშანი ჩნდება. ეს არის მარცხენა სანაპიროს ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის და „დსრ“-ის ჯარების ალყის დროს.
შუქნიშანზე წითელი ფერი ინთება, გადასასვლელი მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვისაა, მაგრამ ისინი აღარსად არიან - კომენდანტის საათი ახლოვდება.
იქვე დანგრეული შენობებია.
ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია. მანქანები იშვიათად მოძრაობენ, ფეხით მოსიარულეები საერთოდ არსად ჩანან.
ცენტრალური ქუჩების გასწვრივ, მაგალითად, მეტალურგის გამზირზე, ფარნები დგას, იქ სიარული მოსახერხებელია. მაგრამ, თუ გადაუხვევ, მაშინ ავტომანქანის შორი განათება უნდა ჩართო, რადგან ქალაქის განათება საკმარისი არ არის.
განათებულია მხოლოდ რუსეთის მიერ აშენებული ახალი სახლები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ბევრ მათგანში იქ არავინ ცხოვრობს.
როდესაც მარიუპოლს გააფთრებით ბომბავდა, რუსეთმა პირობა დადო, რომ ყველაფრის აღადგენდა. მაგრამ აღდგენა უხარისხოდ ხდება. ადგილობრივები უკვე მიხვდნენ, რომ ისეთი უმნიშვნელო პრობლემის გადაჭრასაც კი, როგორც სარდაფიდან გაჟონილი წყლის ამოშრობაა, უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვა სჭირდება.
გაგარინის ქუჩის ნომერ 4 სახლში, ფაქტობრივად, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა. ქალაქის ალყის დროს სახლში ორი შესასვლელი დაიწვა. ახალმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ყველაფერს შეაკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ მათ მხოლოდ ორმაგი მოჭიქული ფანჯრები ჩასვეს და ბატარეები დაამონტაჟეს.
„სახლი 2023 წლის აპრილში ჩააბარეს. ყველგან ხვრელებია. შეხედეთ ჭერს, რა დღეშია ფილები, ბზარებსაც პირი აქვთ დაღებული. ავარიულია ყველაფერი. ეს საშინელებაა, როგორ უნდა შევიდნენ აქ საცხოვრებლად ადამიანები, გააკეთონ რემონტი, იცხოვრონ. იატაკში ხვრელის ამოვსების ნაცვლად, მასში აგური ჩატენეს“, - გვიამბობს ერთ-ერთი ბინის მცხოვრები.
"პუტინსაც მივწერე, მაგრამ ჩვენ არავინ არაფრად გვაგდებს"
შეკეთებიდან 14 თვის შემდეგ შევჩენკოს ბულვარში მდებარე 262-ე სახლის სახურავიდან წყალმა გაჟონა. იტალიის ქუჩაზე 125-ე ნომერში „ახალი“ სახლის ულამაზესი ფასადის უკან ნანგრევები აღმოჩნდა.
- მეორე წელია იძულებული ვართ, დაბომბვისგან გადარჩენილი ბინები ვიქირაოთ, რადგან საკუთარში ცხოვრება შეუძლებელია, - ამბობენ მესაკუთრეები.
მარიუპოლში დიდი რაოდენობით სახლები დაანგრიეს. საერთო ჯამში, 2023 წელს 400 საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს.
მეტალურგების გამზირზე მდებარე 81-ე ერთ-ერთი მათგანია. ახლა იქ ე.წ. იპოთეკური კორპუსები შენდება. ხალხს ახალ შენობაში ბინების გამოყოფას დაჰპირდნენ, მაგრამ მოატყუეს. პენსიონერი, რომელიც დანგრეულ სახლში პირველ სართულზე ცხოვრობდა, ამბობს, რომ მას ბინის ანაზღაურებაზე პირდაპირ უთხრეს უარი.
„მე და ჩემმა მეუღლემ ეს ბინა ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს მივიღეთ, ეს კოოპერატიული ბინაა, მასში ფული გადავიხადეთ. ჩემი ქმარი 2021 წელს გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ვიყავი მარიუპოლის ადმინისტრაციაში და გვითხრეს: ამ ბინაში სახლს არავინ მოგცემთ, სასამართლოში იჩივლეთ, შესაძლოა ან მოგცენ სერტიფიკატი, ან - არა. ეს არის ჩემი ბინა, მაქვს ყველა დოკუმენტი, მაქვს დანგრევის აქტი. რა უნდა გავაკეთო? სასამართლოში ვიჩივლო? და საიდან მოვიტანო ამის ფული? ვწერე წერილები, რუსეთშიც მივწერე, პუტინის მისაღებში. იქიდან, სამი დღის შემდეგ, მოვიდა პასუხი, რომ წერილი დსრ-ში გადავგზავნეთო. იქიდან კი სამი თვის შემდეგ მოვიდა პასუხი, რომ არ გეკუთვნით, რადგან მეორე საცხოვრებელი ბინა გაქვთო. იქნებ მოსკოვიდან ჩამოსულიყო რომელიმე კომისია, მაგრამ ჩვენ არაფრად გვაგდებენ. ქალაქის მერამდე ვერ მიაღწევ, არადა, იმდენი წერილი მაქვს მიწერილი. თითქოს ეს ბინა ვიღაცას ეჩუქებინოს. ეს ჩემი ფულია!“ - ჩივის პენსიონერი.
ალექსეი (სახელი მისი თხოვნით შეიცვალა) ახალ საცხოვრებელ კომპლექს „იზუმრუდნიში“ ცხოვრობს. მან ახალი ბინის გასაღები 2023 წლის თებერვალში მიიღო. სამეზობლოში ორი სახლია დასახლებული, დანარჩენი კი ცარიელი, ან თითქმის ცარიელია.
მარიუპოლში მდებარე საცხოვრებელი სახლების აღდგენას სანქტ-პეტერბურგის ბიუჯეტი აფინანსებს, მაგრამ მარიუპოლის აღდგენისთვის საჭირო სახსრები გასაიდუმლოებულია.
თანხის უმეტესი ნაწილი სანქტ-პეტერბურგის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და, როგორც გაირკვა, ქალაქის პარლამენტის დეპუტატებსაც კი არ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ამ ხარჯების მუხლებს.
2023 წლის ივლისში გამოცემა „ბუმაგა“ წერდა, რომ ქალაქ მარიუპოლის აღდგენით დაკავებულია ფონდი „პობედა“. მას მჭიდრო კავშირი აქვს სანქტ-პეტერბურგის სამშენებლო კომიტეტთან, რომელიც თანხებს მინიმუმ 25 კონტრაქტორ კომპანიას შორის ანაწილებს.
მიუხედავად რუსეთის ყველა განცხადებისა, რომ დსრ (მარიუპოლი მის ნაწილად ითვლება) ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტია და დასავლეთის სანქციები „არ მუშაობს“, - რუსული ბიზნესი არ ჩქარობს ამ ტერიტორიებზე შესვლას.
ქალაქში გაუგებარი ბენზინგასამართი სადგურებია, რომელთა სახელები შრაპნელებით არის ჩამოგდებული. გასაგებია რატომაც. ისინი ოკუპაციამდე უკრაინული ბენზინგასამართი სადგურები იყო, ახლა კი ძნელია იმის გაგება, თუ რა ჰქვია და ვის ეკუთვნის ეს ობიექტები.
მხოლოდ ზოგჯერ, ყვითელ-ლურჯი საღებავის კვალით, თუ შეიძლება იმის დადგენა, რომ ისინი კომპანია „უკრნაფტას“ ეკუთვნოდა.
ერთი რამ აშკარაა, რომ არც „გაზპრომს“, არც „ლუკოილსა“ და არც „როსნეფტს“ „ახალ ტერიტორიებზე“ შესვლა არ სურთ.
ქალაქ მარიუპოლში ასევე არავინ ჩქარობს დანგრეული რესტორნების აღდგენას და იქ ბიზნესის დაწყებას.
ოკუპაციის შემდეგ მარიუპოლის ხელისუფლებამ თითქმის ყველა ქუჩას სახელი შეუცვალა და უკრაინულის ნაცვლად რუსული ან საბჭოთა სახელები მიანიჭა. ასე მაგალითად, ნიკოპოლის პროსპექტს ამჟამად ილიჩის გამზირი ეწოდება.
ქალაქში თითქმის მთლიანად არის აღდგენილი ელექტრომომარაგება და გათბობა, მაგრამ ენერგოქსელები დატვირთვას ვერ უძლებენ და ამიტომ გათბობას პერიოდულად რთავენ. ქუჩაში კი მინუს ხუთი გრადუსია.
„ახლა გათბობა არ მაქვს. შეიძლება ითქვას, აქ, სიარულისას, ვთბები. რაც შეეხება ჩვენზე "ზრუნვას", ჩვენზე ზრუნვა უფრო იდეოლოგიურია. თუ გათბობა არ მექნება, ჩემთვის რა განსხვავებაა, ქუჩას რუსული სახელი ჰქვია თუ უკრაინული“, - ამბობს ვალენტინი, რომელიც ქუჩაში სამშენებლო ნაგავს აგროვებს.
„აზოვსტალის“ ცნობილი ქარხანა, რომელშიც მარიუპოლის დამცველი ბატალიონ „აზოვის“ ჯარისკაცები 18 მარტიდან 20 მაისამდე იყვნენ გამაგრებულნი, ორი წლის თავზე არ შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ყვითელი ბეტონის ღობის გასწვრივ ვეღარ ნახავთ დამწვარ ტანკებსა და მანქანებს. შესასვლელი არ არის გაწმენდილი, ყველგან ბეტონის ფრაგმენტებია მიმოფანტული. სამაგიეროდ აიგო ხიდი, ზუსტად იმ ადგილას და ისეთი, როგორიც ომის დროს განადგურდა.
რუსეთის ჯარებმა მარიუპოლში მდებარე დონეცკის რეგიონულ დრამატულ თეატრზე 2022 წლის 16 მარტს ძლიერი საავიაციო დარტყმა განახორციელეს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იერიშის შედეგად 300-დან 600-მდე ადამიანი დაიღუპა. ახლა ყოფილი თეატრიდან არაფერი დარჩა.
მის ადგილას არის ქსოვილის ფასადი, რომელზეც რუსი მწერლების სურათები და მათი ციტატებია გამოსახული.
- მარიუპოლზე თავდასხმა რუსეთის არმიამ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. იმ დღეს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დაბომბვის შედეგად, 26 ადამიანი დაშავდა.
- 2 მარტს მარიუპოლი, რომელშიც ომამდე 450 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, გარშემორტყმული იყო.
- საარტილერიო დანადგარებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებიდან დაბომბვა 5 მარტამდე გაგრძელდა.
- ჰუმანიტარული დერეფნის გავლით ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ზაპოროჟიეში გაყვანის მიზნით, იმავე დღეს, სავარაუდოდ, მიღწეული იქნა შეთანხმება დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ ევაკუაცია, რომლისთვისაც 4 საათი იყო გათვალისწინებული, რუსულმა მხარემ ჩაშალა და ახალი თავდასხმა წამოიწყო.
- 2022 წლის 15 მარტს დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ 20 ათას ადამიანს აღწევდა. საცხოვრებელი ფონდის დაახლოებით 80% განადგურებული იყო.
- 2022 წლის 16 მარტს საავიაციო ბომბი დაეცა დრამატულ თეატრს, რომელშიც სავარაუდოდ 600-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები, აფარებდნენ თავს.
- 19 მარტს ბრძოლა დაიწყო ქარხანა „აზოვსტალის“ მახლობლად.
- 20 მარტს რუსეთმა ქალაქი თერმობარული საბრძოლო მასალით დაბომბა (ეს ქმნის გაზის ღრუბელს, რომელიც მყისიერად ალდება და ირგვლივ ყველაფერს წვავს).
- 3 აპრილს მარიუპოლის მანგუშის გარეუბანში, უკრაინის მონაცემებით, ცხრა ათასამდე ადამიანის მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.
- 13 აპრილს რუსმა ჯარებმა დაიკავეს ილიჩის სახელობის ქარხანა.
- 24 აპრილს, „აზოვსტალის“ ყოფილმა თანამშრომელმა ალექსანდრ ჩუპრინმა რუსეთს მიაწოდა ინფორმაცია ქარხნის კომუნიკაციების შესახებ. ქარხანა იბომბებოდა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით, რომელთა წონა რამდენიმე ტონას აღწევს.
- 2022 წლის 4 მაისს რუსეთის ჯარები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შევიდნენ.
- 20 მაისს ალყა დასრულდა. რუსეთმა მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარა.