ალექსეი ნავალნის დედას აჩვენეს თავისი გარდაცვლილი შვილის ცხედარი.
ამის შესახებ მან განაცხადა ვიდეოჩანაწერში, რომელიც 22 თებერვალს გავრცელდა.
მანამდე სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი წყაროების დასტური პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ არ არსებობდა.
ცხედარი, როგორც ლუდმილა ნავალნაია ამბობს, მას აჩვენეს სალეხარდის მორგში 21 თებერვლის საღამოს. ამასთან, ის ოჯახს არ გადასცეს. ნავალნაიას თქმით, ის ესაუბრა სალეხარდში სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებს. მას უთხრეს, რომ მისი ვაჟის სიკვდილის მიზეზი დადგენილია და დაფიქსირებულია დოკუმენტებში.
უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზეა და პროცედურას ორი კვირა დასჭირდებოდა.
სიკვდილის შესახებ დასკვნაში, რომელიც ლუდმილა ნავალნაიას აჩვენეს, წერია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზით, რის შესახებაც ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა. ნავალნის ქვრივი, იულია, თვლის რომ პოლიტიკოსი მოკლეს.
ლუდმილა ნავალნაიას თქმით, საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა, რომლებსაც ის ესაუბრა სალეხარში, უშუალოდ ამ შეხვედრის დროს მიიღეს მითითება მოსკოვიდან.
ისინი იმუქრებიან, რომ ცხედარს შეიძლება „რამე“ შეემთხვეს. ისინი საიდუმლო დასაფლავებას მოითხოვენ. „შანტაჟს მიწყობენ, პირობას მიყენებენ: სად, როდის და როგორც უნდა დაიკრძალოს ალექსეი - ამბობს ნავალნაია. გამომძიებელმა ვოროპაევმა პირდაპირ მითხრა: „ დრო თქვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, ცხედარი იხრწნება“. მე განსაკუთრებული პირობები არ მინდა. მხოლოდ ის მინდა, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში.“
პოლიტიკოსის დედის თქმით, გამომძიებლები მოითხოვენ, რომ დასაფლავება მოხდეს გამოთხოვების გარეშე: „მათ სურთ მიმიყვანონ სასაფლაოს განაპირას ახალ საფლავთან და მითხრან, „აი, აქ განისვენებს თქვენი ვაჟი“. მე ამას არ ვეთანხმები. მე მინდა, რომ თქვენ, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირადი ტრაგედიაა, მოგეცეთ შესაძლებლობა, მას გამოეთხოვოთ,“ - ამბობს ალექსეი ნავალნის დედა.
ნავალნის თანამებრძოლმა, ივან ჟდანოვმა ტელეგრამის არხით განაცხადა, რომ თავდაპირველად პოლიტიკოსის დედას უთხრეს, რომ მზად იყვნენ ცხედარი გადაეცათ, როგორც კი ოჯახი გადაწყვეტდა დაკრძალვის დროსა და ადგილს. 69 წლის ლუდმილა ნავალნაია თითქმის ერთი დღე იმყოფებოდა საგამოძიებო კომიტეტში, ადვოკატს დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდნენ მის ნახვის უფლებას, შემდეგ დაიწყო შანტაჟი, წერს ჟდანოვი.
- ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
- 20 თებერვალს, ლუდმილა ნავალნაიამ ჩაწერა ვიდეო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომელშიც ითხოვდა შვილის ცხედრის დაბრუნებას.
- პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს და ცხედრის ჩვენება "კრემლის საქმე არ არის".
- მას შემდეგ, რაც ნავალნის გარდაცვალების მიზეზი დადგინდება, მისი ცხედარი ოჯახს ორი დღის განმავლობაში უნდა დაუბრუნდეს, იუწყება გამოცემა „მედუზა“ „დაკრძალვისა და დასაფლავების შესახებ“ ფედერალურ კანონზე დაყრდნობით.