Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინს პასუხისმგებლობა ეკისრება ნავალნის სიკვდილისთვის“ - ჯო ბაიდენი


აშშ-ის პრეზიდენტმა ნავალნის უწოდა „სიმართლის ძლიერი ხმა", რომელიც "გაბედულად აღუდგა წინ პუტინის კორუმპირებულ მთავრობას".
აშშ-ის პრეზიდენტმა ნავალნის უწოდა „სიმართლის ძლიერი ხმა", რომელიც "გაბედულად აღუდგა წინ პუტინის კორუმპირებულ მთავრობას".

ვაშინგტონის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილში.

"არ შეცდეთ, პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. ეს პუტინის სისასტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა ნავალნი, რუსეთის ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი ლიდერი, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, "მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ნავალნის უწოდა „სიმართლის ძლიერი ხმა", რომელიც "გაბედულად აღუდგა წინ პუტინის კორუმპირებულ მთავრობას".

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე „რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა“. CNN-ის თანახმად, ბლინკენმა განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან, რომლებიც მას გერმანიის ქალაქ მიუნხენში ვიზიტისას ახლდნენ თან.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.

უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასწრაფო დახმარება ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, ხოლო ექიმები ნავალნის რეანიმირებას ნახევარი საათის მანძილზე ცდილობდნენ.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა კომენტარზე უარი განაცხადა. მან დააზუსტა, რომ უფლებადამცველმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი ნორმალურად იყო. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა.
სიკვდილის მიზეზი ჯერ დადასტურებული არ არის.

XS
SM
MD
LG