Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორბანი: უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მიღების შანსი ხელიდან 2008 წელს გაუშვეს


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი
ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი

უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა გააწევრიანონ ევროკავშირში ან ნატოში და უმჯობესია "ბუფერულ ზონად" დარჩეს რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის, უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიების უზრუნველსაყოფით.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ იტყობინება, ამის შესახებ მან ავსტრიის ყოფილ კანცლერთან ვოლფგანგ შუსელთან საუბრისას განაცხადა მედიაპროექტის European Voices-ის ფარგლებში; საუბრის ფრაგმენტმა, რომელიც Die Presse-მა გამოაქვეყნა, უნგრულ მედიის ყურადღება მიიპყრო.

ორბანს მიაჩნია, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის „ბუფერულ ზონად“ უნდა იქცეს, რადგან მოსკოვი არასოდეს შეეგუება ევროკავშირსა და ნატოში მის წევრობას.

„მოგწონთ თუ არა ეს, მოსწონთ თუ არა ეს უკრაინელებს, უკრაინა რუკაზე იქაა სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის ბუფერული ზონა იყოს რუსეთსა და დასავლეთს შორისს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ, ისევ და ისევ დაანგრევს უკრაინას. რუსეთი არასოდეს შეეგუება ევროკავშირისა და ნატოს უკრაინისნაირი წევრის გამოჩენას მის საზღვრებთან, არასდროს“, - განაცხადა ორბანმა.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ 2008 წელს მართლაც იყო შესაძლებელი უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში, მაგრამ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს და ამასთან „უკრაინის პერსპექტივები გაწევრიანებულიყო ევროკავშირსა და ნატოში“.

შუსელის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ახლა ცეცხლის შეწყვეტა რეალურად უკრაინის დამარცხებას ნიშნავს, ორბანმა თქვა, რომ შეფასება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ „როგორ შევხედავთ მომავალს“, რადგან ომის ცხელი ეტაპის გაგრძელებით, უკრაინამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგოს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე არ დაეთანხმა არგუმენტებს, რომ უკრაინის გაწევრიანება დაიცავს ევროპას, რადგან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ნატოს წევრიცაა და ეს ალიანსი რუსეთზე ძლიერია.

„არ არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყანას", - ამბობს ვიქტორ ორბანი.

მისივე მოსაზრებით, რუსეთი არასოდეს აღიქვამს უკრაინას მოლაპარაკებებში სერიოზულ, პარტნიორად, „მხოლოდ აშშ-სა და შესაძლოა ევროკავშირს“.

2023 წლის 14 დეკემბერს ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინა და მოლდოვა კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ.

XS
SM
MD
LG