Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის საკითხზე შუამავლები და სხვები ისრაელს აფრთხილებენ, რომ რაფაჰში სახმელეთო შეჭრას კატასტროფა მოჰყვება


 ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ, რაფაჰი, სამხრეთ ღაზა
ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ, რაფაჰი, სამხრეთ ღაზა

ისრაელის მეზობლებმა და მნიშვნელოვანმა შუამავლებმა 10 თებერვალს გამოთქვეს გაფრთხილება კატასტროფაზე, რომელიც მოჰყვება ისრაელის სახმელეთო შეჭრას ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში.

ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰში რჩება ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ბასტიონები.

რაფაჰს თავს აფარებს ღაზის 2,3 მილიონი მოსახლის ნახევარზე მეტი, ბევრი მათგანი უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებული შეეცვალა თავშესაფარი ისრაელის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებების გამო - რომლებიც ამჟამად უკვე ღაზის ტერიტორიის ორ მესამედს მოიცავს. გაურკვეველია, კიდევ სად შეძლებენ ეს ადამიანები თავშესაფრის პოვნას.

ისრაელის საჰაერო დარტყმებს რაფაჰში ემსხვერპლა 44 პალესტინელი, მათ შორის 10-ზე მეტი ბავშვი - რამდენიმე საათში მას მერე, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არმიას დაავალა ამ ქალაქიდან ასიათასობით ადამიანის ევაკუაციის გეგმის შემუშავება, იქ ისრაელის ძალების სახმელეთო შეჭრის წინ. ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდება შეჭრა, თუმცა მისმა განცხადებამ პალესტინელებში მასობრივი პანიკა გამოიწვია.

ისრაელი რაფაჰს თითქმის ყოველდღე ბობმავს - მას მერეც, რაც სამოქალაქო პირებს ბოლო კვირებში მოუწოდა წასულიყვნენ თავშესაფრისთვის, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში სახმელეთო შეჭრის შემდეგ.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის, სამეჰ შუქრის თქმით, რაფაჰში ისრაელის სახმელეთო შეჭრა "კატასტროფულ შედეგებს" მოიტანს. შუქრის აზრით, ისრაელი მიზნად ისახავს პალესტინელთა განდევნას მათი მიწებიდან. ეგვიპტეს გამოთქმული აქვს გაფრთხილება, რომ ეგვიპტეში პალესტინელთა ნებისმიერი შედინება საფრთხეს შეუქმნის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოქმედ სამშვიდობო ხელშეკრულებას ისრაელსა და ეგვიპტეს შორის.

კატასტროფული შედეგების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა კიდევ ერთი შუამავალი ქვეყანა, კატარი. საუდის არაბეთი ლაპარაკობს "ძალიან სერიოზულ შედეგებზე".

ნეთანიაჰუს მთავრობასა და აშშ-ის შორის ღრმავდება უთანხმოება - ვაშინგტონის წარმომადგენლების თქმით, რაფაჰში სახმელეთო შეჭრა, სამოქალაქო პირების შესახებ გეგმის არქონის პირობებში, კატასტროფას გამოიწვევს.

"ღაზაში ადამიანები ვერ გაქრებიან" - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პლატფორმაზე X და დასძენს, რომ რაფაჰზე ისრაელის შეტევა ჰუმანიტარულ კატასტროფას მოიტანს.

XS
SM
MD
LG