Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც პროპაგანდის პლატფორმას


ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, კადრი ინტერვიუდან, 2024 წლის 9 თებერვალი
ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, კადრი ინტერვიუდან, 2024 წლის 9 თებერვალი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინტერვიუს ტაკერ კარლსონთან - აშშ-ის მემარჯვენე ჟურნალისტთან, რომელიც ცნობილია შეთქმულების თეორიების გავრცელებით და კითხვებით რუსეთის ძალებთან მებრძოლი კიევის აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის თაობაზე - ფართოდ აკრიტიკებენ რუსეთის ლიდერისთვის პროპაგანდის პლატფორმის შექმნისთვის. ეს იყო პირველი ინტერვიუ, რომელიც პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს მისცა მას მერე, რაც მოსკოვი თითქმის ორი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.

ინტერვიუში, რომელიც ორ საათზე მეტხანს გრძელდება და რომელიც კარლსონის ვებსაიტზე 9 თებერვალს გამოქვეყნდა, პუტინი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან დასავლეთი უკრაინას ნატოში ითრევდა - რასაც სამხედრო ალიანსი უარყოფს. პუტინმა თავი აარიდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რუსეთში მიმდინარე მკაცრი რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ.

ინტერვიუს გავრცელების ფონია პუტინის იმედი, რომ დასუსტდება კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერაც და უკრაინელთა შემართებაც, და მისი საომარი მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება. ამავე დროს, კითხვის ქვეშაა აშშ-ის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება უკრაინისთვის, რადგან რესპუბლიკელები ბლოკავენ პრეზდიენტ ჯო ბაიდენის ამ ინიციატივას.

ინტერვიუს კრიტიკოსებს შორისაა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი - ვაშინგტონში ვიზიტით ყოფნისას შოლცმა თქვა, რომ ეს ინტერვიუ "მხოლოდ დაცინვაა რეალური ქმედებებისა, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა, და ავრცელებს სრულიად აბსურდულ ამბავს ამ ომის მიზეზების შესახებ".

შოლცის თქმით, ომის "ძალიან მკაფიო მიზეზი" იყო კრემლის ლიდერის სურვილი მოეხდინა უკრაინის ნაწილის ანექსირება. "ყველა სხვა ამბავი, რომელსაც ამაზე ჰყვებიან, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს იყო მისი იმპერიალისტური ძალისხმევის მიზანი", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

XS
SM
MD
LG