Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა


საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოცხადებამდე
საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოცხადებამდე

84 მომხრე, 10 წინააღმდეგი - პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა მოისმინეს ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ პარლამენტს წარუდგინა 10-თვიანი გეგმა, რომელშიც საუბარია დაწყებული ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე. როგორც კობახიძემ განმარტა, „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოადგენენ 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ასახული იქნება სამთავრობო ინიციატივები.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი, იცვლება. ამ პოსტს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

XS
SM
MD
LG