Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის" შეკითხვებს, რომლებიც კორუფციას ეხებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გამოეხმაურა.

კობახიძემ გაიხსენა „ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ამავე ტრიბუნიდან ნათქვამი სიტყვები და აღნიშნა, რომ მისთვის კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ე.წ. ქართულ-ჯიგრულ პონტში კორუფცია, რომლის მიმართაც ლოიალური იყო თქვენი პარტიის თავმჯდომარე [გიორგი გახარია]. მე არ ვარ ლოიალური არც ასეთი კორუფციის მიმართ და ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს არცერთი თეთრი არ მიშოვია კორუფციით და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად. ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის [ბიძინა ივანიშვილის] მიდგომა, რომელსაც, მით უმეტეს არანაირი ინტერესი არ აქვს. მას სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული მარტო ქველმოქმედებაში. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის 27 მაისს გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პარლამენტში ანგარიში წარადგინა. შესაძლო კორუფციულ ფაქტზე დასმული კითხვის პასუხად სწორედ ამ სხდომაზე ნათქვამი მისი სიტყვები - „ქართულ-ჯიგრულ პონტში" - კრიტიკის საგანი გახდა.

2020 წლის 27 მაისის სხდომაზე პარლამენტში გახარიას საანგარიშო გამოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ იმდროინდელმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა და ოპოზიციას მიმართა: „ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრმა [გიორგი გახარიამ]". მოგვიანებით კობახიძემ თქვა: ბუზი ყველა ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის“.

XS
SM
MD
LG