Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა სენატორებმა ვერ მიიღეს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც მოიცავდა


სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი 7 თებერვალს გამართული წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ
სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი 7 თებერვალს გამართული წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, ორპარტიული შეთანხმების მიუხედავად, ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად, რაც რესპუბლიკელების მოთხოვნა იყო.

118 მილიარდი დოლარიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილი იყო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად.

კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეთანხმებას 4 თებერვალს მიაღწიეს, მაგრამ სიტუაცია შეცვალა რესპუბლიკელებისადმი ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებამ, უარი ეთქვათ კომპრომისსა და კანონპროექტის მხარდაჭერაზე. ტრამპი, დიდი ალბათობით, რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც კენჭს მომავალ არჩევნებშიც იყრის, ჯერ კიდევ 6 თებერვალს განაცხადა, რომ სენატში მიღწეული ორპარტიული შეთანხმება შესაძლოა, დონალდ ტრამპის პოლიტიკური ზეწოლის გამო ჩაშლილიყო.

დემოკრატების მიერ კონტროლირებულ სენატში 7 თებერვალს გამართული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი დაუჭირა 49 სენატორმა. წინააღმდეგი იყო 50. კანონპროექტის მიღებას სულ მცირე 60 ხმა სჭირდება. ტექნიკურად ხმა წინააღმდეგ მისცა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც, რადგან პროცედურის თანახმად, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება, საკითხი კენჭისყრაზე ისევ გაიტანოს.

დემოკრატები აპირებენ უახლოეს ხანში სენატს წარუდგინონ კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და მხოლოდ უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დახმარებას ეხება.

როგორც ამერიკული მედია წერს, თეორიულად არის შანსი, რომ პროექტი საკმარის, 60 ხმას მიიღებს. ამასთან, კანონპროექტს, სანამ მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს, წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება. კონგრესის ქვედა პალატაზე, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპის გავლენა კიდევ უფრო დიდია.

XS
SM
MD
LG