Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არმიამ დაადასტურა 7 ოქტომბერს გატაცებული 31 მძევლის სიკვდილი


ისრაელელები ერთმანეთს ეხვევიან იმ ადამიანების ფოტოებთან, რომლებიც ან დაიღუპნენ, ან გაიტაცეს მუსიკალური ფესტივალის დროს ისრაელში. ფოტოები გამოფენილი იყო შემთხვევის ადგილზე, კიბუც რეიმის მახლობლად. 29 ნოემბერი, 2024 წელი
ისრაელელები ერთმანეთს ეხვევიან იმ ადამიანების ფოტოებთან, რომლებიც ან დაიღუპნენ, ან გაიტაცეს მუსიკალური ფესტივალის დროს ისრაელში. ფოტოები გამოფენილი იყო შემთხვევის ადგილზე, კიბუც რეიმის მახლობლად. 29 ნოემბერი, 2024 წელი

ისრაელის არმიამ დაადასტურა სიკვდილი 31 მძევლისა, რომლებიც ჰამასმა (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) ისრაელზე თავდასხმისას გაიტაცა 7 ოქტომბერს.

ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ღაზის სექტორში ჯერ კიდევ ჰყავდათ 130 მძევალი - ისრაელელები და უცხოელები.

The New York Times-ი ისრაელის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სულ მცირე 30 მძევალი დაიღუპა. გამოცემის თანახმად, ზოგიერთი მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმისას მოკლეს, შემდეგ კი მათი გვამები ღაზის სექტორში გადაიტანეს. რადგან მათი სიკვდილი იმ დროისთვის დადასტურებული არ იყო, ისინი ცოცხალ მძევლებს მიათვალეს. სხვები მიღებულ ჭრილობებისგან დაიღუპნენ ან ტყვეობაში დახოცეს.

ადრე გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სამი მძევალი ისრაელის არმიის სამხედროებმა შეცდომით მოკლეს ღაზის სექტორში ოპერაციის დროს.

გამოცემა წერს, რომ სულ მცირე კიდევ 20 მძევლის სიკვდილის შესახებ არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია. The Wall Sreet Journal-ი ადრე იტყობინებოდა, რომ ისრაელის შეფასებით, ჰამასის მიერ გატაცებული დაახლოებით 50 ადამიანი შეიძლება იყოს დაღუპული.

ამ რიცხვს ასახელებდნენ მძევლების შესახებ აშშ-ის და ეგვიპტის მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

თუ ისრაელის ეს შეფასება სინამდვილეს შეესაბამება, დაახლოებით 80 მძევალი კვლავ ცოცხალი უნდა იყოს და ჯიჰადისტებს აქვთ მათ მიერ გატაცებული ათეულობით ადამიანის გვამები. დღემდე არცერთი დაღუპულის გვამი არ გადაუციათ ისრაელისთვის.

მძევლების გათავისუფლება და დაღუპულთა გვამების გადაცემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პირობაა.

შარშან, 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის და სხვა ჯგუფების მიერ განხორციელებული სწრაფი იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა. 240-250 ადამიანი გაიტაცეს და, სხვადასხვა მონაცემით, ღაზის სექტორში გადაიყვანეს.

ისრაელის საპასუხო საჰაერო და სახმელეთო იერიშის შედეგად, ღაზის სექტორში, პალესტინური მხარის მონაცემებით, დაიღუპა 26 ათასი ადამიანი. შარშან, ნოემბერში, ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტის დროს, ისრაელმა დაიბრუნა 130-მდე მძევალი.

XS
SM
MD
LG