რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებაში სურთ, მომღერალ სოფია როტარუს ჩამოართვან "იალტის საპატიო მოქალაქის" ტიტული და კუთვნილი სასტუმრო „ვილა სოფია“.
ოკუპირებული იალტის მერმა იანინა პავლენკომ გუშინ განაცხადა, რომ "ყირიმის რუსულმა საზოგადოებამ" მას მომღერლისთვის ტიტულის ჩამორთმევის მოთხოვნით მიმართა. "მე პირადად ამას მხარს ვუჭერ. ყირიმის რუსეთთან გაერთიანებიდან 10 წლის განმავლობაში (ასე უწოდებენ რუსეთის ფედერაციაში ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას), ის (როტარუ) არ გამოჩენილა იალტაში, მისი პოზიცია ნათელია", - დაწერა იანინა პავლენკომ თავის ტელეგრამის არხზე.
სერგეი ცეკოვი, რუსი სენატორი ოკუპირებული ყირიმიდან, ხელისუფლებას სთავაზობს ასევე მომღერლის სასტუმროს ნაციონალიზაციას იალტაში. "ჩემი აზრით, მას აქვს ანტირუსული პოზიცია, მან (სოფია როტარუმ) 2014 წლიდან 2022 წლამდე ფინანსურად დაუჭირა მხარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. კერძოდ, ის ყირიმის რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგი იყო“, - აღნიშნავს სერგეი ცეკოვი.
2023 წლის აპრილში საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "რუსეთის ვეტერანებმა" რუსეთის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს მოსკოვსა და იალტაში მომღერალ სოფია როტარუს უძრავი ქონების ჩამორთმევის თხოვნით მიმართა. ლაპარაკი იყო, კერძოდ, მომღერლის სამოთახიან ბინაზე მოსკოვში და იალტაში მდებარე სასტუმრო „ვილა სოფიაზე“.
სრულმასშტაბიანი რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, სოფია როტარუ თავის ინსტაგრამზე ომის საწინააღმდეგო მიმართვით გამოვიდა, ხოლო 2022 წლის აგვისტოში მოუწოდა თავის ხელმომწერებს, რომ თანხა შესწირონ ფონდს, რომელიც უკრაინელი სამხედროების ცოლებსა და შვილებს ეხმარება.