Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი კორუფციაზე: ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია


სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ბოლოს მოხსენებით წარდგა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ბოლოს მოხსენებით წარდგა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა კორუფციაზე. მისი თქმით, ეს არის "აუცილებელი ცემენტი", რომელიც ძალაუფლების მატარებელი ჯგუფის ირგვლივ "ჰკრავს სანდო კასტას".

"ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას.

ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ. ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით... აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ", - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ამ კონტექსტში ახსენა მან "სასამართლო კლანიც".

"დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას.

სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას", - განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა მოხსენების ამ ნაწილში ახსენა ოპოზიციის შევიწროების სურვილი და მათთვის "იარლიყების მიკერება":

"ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება..."

ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ, პარლამენტში სიტყვით გამოვლენ ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, შემდეგ − ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო ბოლოს გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი. თითოეული გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით.

XS
SM
MD
LG