Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოსტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ტოვებს


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დატოვებს.

„საკუთარი, პირადი მოსაზრებიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრს სურდა სხვა სფეროში გადანაცვლება, რასაც, რა თქმა უნდა, ანგარიში გავუწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ.

მოგვიანებით მედიასთან კომენტარში თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ მიიღო ნატოში ელჩობის შეთავაზება.

"ეს იქნება 4 თვის შემდეგ. სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას".

ირაკლი კობახიძის თქმით, თანამდებობაზე რჩება ყველა დანარჩენი მინისტრი:

„ყველა მინისტრს შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა. არავინ არ შეიცვლება“, - განაცხადა მან.

პირველ თებერვალს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.

"პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს", - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა ირაკლი კობახიძემ.

ამ დრომდე ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.

XS
SM
MD
LG