ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში გახსნეს არაფორმალური შეხვედრა, რათა მოილაპარაკონ ბლოკის სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე. კიევი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვს იარაღით დახმარებას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.
31 იანვრის შეხვედრა წინ უსწრებს ევროკავშირის სამიტს, რომელზეც 1 თებერვალს ბრიუსელში უკრაინის დახმარების საკითხებს განიხილავენ.
ოთხშაბათის შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ კიევს მეტი ამუნიცია სჭირდება, რათა შეავსოს თავისი შეთხელებული მარაგები მაშინ, როცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ორი წელია გასული.
რუსეთის არტილერია უკვე რამდენიმე თვეა ბომბავს უკრაინის სამხედრო პოზიციებსა და დასახლებებს, რაც იწვევს მუდმივ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და მატერიალურ ნგრევას, ვინაიდან უკრაინის არმია იძულებულია, საარტილერიო ჭურვები დაზოგოს მომარაგებაში შეფერხებების გამო.
„უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მკაფიო ერთგულება შენარჩუნებულია და გრძელდება“, - თქვა ბორელმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, „ვიცოდეთ, სად ვიმყოფებით ახლა, სად ვიქნებით მარტისთვის და წლის ბოლოსთვის“.
საბჭოთა ეპოქის მძიმე შეიარაღებიდან დასავლურზე გადასვლის პროცესი გართულებულია, ვინაიდან კიევს დასავლელი მოკავშირეების მიერ ნაჩუქარი შეიარაღებისთვის არ მოეპოვება საკმარისი რაოდენობის ამუნიცია.
ჭურვების დეფიციტისთვის თავის გასართმევად ბრიუსელმა პირობა დადო, რომ გაზაფხულისთვის მილიონ ჭურვს მიაწვდის უკრაინას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ 300 ათასი ჭურვის მიწოდება შეძლო.