Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რესპუბლიკურის" ექიმებმა კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად სასამართლოს მიმართეს


"რესპუბლიკური საავადმყოფო"
"რესპუბლიკური საავადმყოფო"

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 30 იანვარს, მიმართეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ნინო ოთარიშვილმა, კლინიკის კარდიოლოგიური სამსახურის უფროსმა.

მთავრობამ საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს 4 წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ არის მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. ექიმები ამბობენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობს მათ უპირობო დასაქმებას.

"რესპუბლიკურის" თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობენ:

  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობს სხვა სამსახურში;
  • დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას, თუ მუშაობს სხვაგან;
  • თუ არ დაწერს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან 7 დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემა 4-თვიანი კომპენსაცია;
  • თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებენ, იმდენი ხნის განმავლობაში (3 წლის ვადაში) მიიღებს ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდება.

"რესპუბლიკურის" თანამშრომლები მოითხოვენ, კლინიკის დემონტაჟსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობამ მათი ჩართულობით მიიღოს.

XS
SM
MD
LG