Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებამ დაადგინოს, რატომ ჩამოვარდა ილ-76


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის სახელმწიფო მოითხოვს, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად. ამის შესახებ 24 იანვარს, ღამით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთი ილ-76-ის ჩამოგდებასა და 74 ადამიანის, მათ შორის 65 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილში უკრაინას ადანაშაულებს.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გამოიძახა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის, საჰაერო ძალების, სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები, რომლებმაც გააცნეს თვითმფრინავსა და ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებული სიტუაცია. ზელენსკის განცხადებით, რუსები ეთამაშებიან უკრაინელი ტყვეების სიცოცხლეს, მათი ნათესავების გრძნობებს და უკრაინის საზოგადოების ემოციებს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მკაფიოდ უნდა გაირკვეს ყველა ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, რადგან თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ზელენსკის ინფორმაციით, გარემოებებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც იკვლევს, ხოლო სამხედრო დაზვერვა ტყვეების ბედს არკვევს. უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა უცხოელი პარტნიორების ინფორმირება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, რომელშიც იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. რუსეთის თანახმად, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

რუსეთი ილ-76-ის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებს. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით დაარტყეს ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, ლიპცის რაიონიდან. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების რადიოლოკაციური საშუალებებით დააფიქსირეს ორი უკრაინული რაკეტის გაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის „მიზანმიმართულად“ ჩამოგდებაში და დაგმო „კიევის რეჟიმის ტერორისტული აქტი“.

ბელგოროდის ოლქში ილ-76-ის კატასტროფის შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, სანამ რუსეთი გამოაცხადებდა, რომ თვითმფრინავში ტყვეები იმყოფებოდნენ, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გენერალურ შტაბში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა და ის უკრაინამ ჩამოაგდო. მოგვიანებით ამ მედიასაშუალებებმა საიტებიდან წაშალეს ცნობა, რომ ილ-76 უკრაინელებმა ჩამოაგდეს და დატოვეს მხოლოდ ის, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო კომპლექსებისთვის ეს-300.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ 24 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ილ-76-ის ჩამოვარდნა ნახსენები არ ყოფილა, მაგრამ ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მუდმივად ახორციელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, აწარმოოს „მონიტორინგი რაკეტების გაშვების წერტილებისა და მათი ტრანსპორტირების ლოგისტიკის, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით.“ გენერალური შტაბის თანახმად, „სროლის ინტენსივობა დაკავშირებულია იმ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რიცხვის გაზრდასთან, რომლებიც ბოლო დროის განმავლობაში მიემართებოდნენ ბელგოროდის აეროდრომზე“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში დაადასტურა, რომ ტყვეთა გაცვლა იგეგმებოდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამჟამად არ აქვთ სანდო და ამომწურავი ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში და რამდენი. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინელი მეომრების უსაფრთხოება რუსეთს უნდა უზრუნველეყო, ხოლო რაც შეეხება ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ეს უკრაინული მხარისთვის ადრინდელივით არ უცნობებიათ, ისევე როგორც ტყვეთა ტრანსპორტირების საშუალებები, მარშრუტები და ფორმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების წარმოების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დაშვება უსაფრთხო ვერ იქნება და ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის ტყვეთა გაცვლის პროცესს. შესაბამისად, უკრაინული მხარე არ გამორიცხავს რუსეთის წინასწარ დაგეგმილ, მიზანმიმართულ ქმედებას უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის და საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა, რომ უკრაინელი სამხედროები გაცვლის მიზნით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით უნდა გადაეყვანათ ბელგოროდის აეროდრომზე.

რუსეთის და უკრაინის ოფიციალური განცხადებები დამოუკიდებელი წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

XS
SM
MD
LG