Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიათა საბჭო ბექა მინდიაშვილს ნდობას უცხადებს


ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი
ბექა მინდიაშვილი, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს, ბექა მინდიაშვილს, ნდობას უცხადებს რელიგიათა საბჭო, რომელიც საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების ფორუმს წარმოადგენს.

განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ სახალხო დამცველის მანდატისა და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომის გარეშე, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ვერ იქნებოდა ეფექტური და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველო დემოკრატიული განვითარების რთულ გზაზე დგას და, ამ თვალსაზრისით, მტკივნეულ პროცესებსაც გადის. შესაბამისად, ჩვენ, რელიგიური გაერთიანებები, 2005 წლიდან მოყოლებული, ტოლერანტობის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით აქტიურად და ნაყოფიერად ვმუშაობთ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში, რომელიც, ხშირად, უაღრესად დისკრიმინაციულ გარემოში, ერთადერთ თავისუფალ პლატფორმას წარმოადგენდა ჩვენი ერთობლივი პოზიციის გამოსახატავად.

დრო ყველაზე კარგი შემფასებელია. უკვე თითქმის 20 წელია, რაც სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ეფექტურად განაგრძობს ფუნქციონირებას სხვადასხვა მთავრობებისა და სახალხო დამცველების პირობებში და უკიდურესად რთულ გამოწვევებს უმკლავდება. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თუ არა სახალხო დამცველის მანდატი და ასევე ტოლერანტობის ცენტრის თანადგომა, რელიგიათა საბჭოს თანამშრომლობა ვერ იქნებოდა ეფექტური და საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დღეს გაცილებით დაბალი იქნებოდა.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საბჭოში გაერთიანებულია განსხვავებული რწმენისა და მსოფლმხედველობის რელიგიები. ჩვენი ჰარმონიული თანაარსებობა, გარკვეულწილად, განპირობებულია ბატონ ბექა მინდიაშვილის საქმიანობით, რომელიც ხელმძღვანელობს ტოლერანტობის ცენტრს და გამოირჩევა ტოლერანტული ბუნებით, პროფესიონალიზმით და დემოკრატიის ღირებულებებისადმი უკომპრომისო ერთგულებით", - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს განცხადებაში.

რელიგიური გაერთიანებები მიიჩნევენ, რომ ბექა მინდიაშვილის გამონათქვამები მისი, როგორც თეოლოგის, გამოხატვის თავისუფლებაა.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვუცხადებთ ნდობას და დადებითად ვაფასებთ ტოლერანტობის ცენტრის და ბ-ნ ბექა მინდიაშვილის მოღვაწეობას. რაც შეეხება მის გამონათქვამებს ამა თუ იმ საღვთისმეტყველო თუ საეკლესიო მოვლენების შესახებ, თუნდაც ეს იყოს პოლემიკური და მწვავე, ეს მისი, როგორც თეოლოგის გამოხატვის თავისუფლებაა, რომელიც როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება გვასწავლის, ჩვეულებრივი, თანამდევი და, ხშირ შემთხვევაში, სასარგებლო პროცესია შიგა კონფესიური თუ ზოგადად რელიგიური სამყაროსათვის. ამდენად დაუშვებლად მიგვაჩნია ცენზურა თუ შეფასება სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ასეთმა ჩარევამ შესაძლოა შეაფერხოს დემოკრატიული პროცესების ბუნებრივი განვითარება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სახალხო დამცველი გააგრძელებს ინსტიტუციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და მომავალშიც იქნება ავტონომიურობის მყარი დარაჯი, შესაბამისად, ტოლერანტობის ცენტრი და მასთან თანამშრომლობაში მყოფი რელიგიათა საბჭო, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების საფუძველზე, ძველებურად, დამოუკიდებლად გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. სახარების რწმენის ეკლესია;

2. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

3. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია;

4. ხსნის არმია;

5. ქართველ მუსლიმთა კავშირი;

6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო;

7. ევანგელური ეკლესია "სიცოცხლის სიტყვა";

8. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია;

9. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში;

10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია;

11. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება;

12. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია;

13. ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;

14. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია;

15. ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;

17. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები;

18. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის, ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში. მისი თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე, საზოგადოებისთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია დაფარულია.

გარდა ამისა, ბექა მინდიაშვილს პაპუაშვილი ქრისტეშობის აღნიშვნის თარიღის თემაზე გამოთქმული აზრის გამო დაუპირისპირდა.

„ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, - თქვა შალვა პაპუაშვილმა და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, მიმართა, - მე სახალხო დამცველსაც მინდა მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტეშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“.

ლევან იოსელიანმა კი ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში განმარტა: „ტოლერანტობის ცენტრი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შემოსავლის დამოუკიდებელი წყარო და შესაბამისად, მისი წარმომადგენლის ან ხელმძღვანელის განცხადებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება სახალხო დამცველი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ასეთი სტრუქტურული ბმა ჩვენ ერთმანეთთან არ გაგვაჩნია.

ამავე დროს, ზოგადად, ბევრ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, გვაქვს მემორანდუმი და ურთიერთობა, მომავალშიც გვექნება, მაგრამ ვერავის განცხადებაზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, გარდა იმისა, რაც მომზადდება სახალხო დამცველი აპარატის მიერ".

შალვა პაპუაშვილის განცხადებას 19 იანვარსვე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბექა მინდიაშვილი, რომელმაც დაწერა, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებები მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა:

„აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა.

ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ. ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს“.

XS
SM
MD
LG