Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაგმატული ევრაზიანიზმი, როგორც ახალი რუსული გეგმა


ავტორი: ნიკოლოზ ჭარხალაშვილი

პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებულ ევრაზიანიზმს, აკადემიურ წრეებში, პრაგმატულ ევრაზიანიზმად მოიხსენიებენ, მისი ინსპირაციის წყარო კი 1994 წლის მარტში, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, მიერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოთქმული სიტყვაა. ნაზარბაევის გამოსვლა საფუძვლად დაედო ევრაზიის საბაჟო კავშირის შექმნას, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად. ამავე პარადიგმაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაც ჯდება, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვსი სახელმწიფოს გარდა, 2017 წლიდან პაკისტანი და ინდოეთიც გაწევრიანდნენ. ამ გაგებით, ევრაზიანიზმი უფრო პრაქტიკული და მოქნილია საერთაშორისო დონეზე. რაკიღა რუსეთმა ვერ მოიყვანა საკუთარი უტოპიური, იდეალისტური მიზნები (კლასიკური ევრაზიანიზმი და ალექსანდრე დუგინის ნეოევრაზიანიზმი) სისრულეში, ამჯერად, იგი ცდილობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მეშვეობით მოირგოს რეგიონალური ლიდერის როლი და ამ გზით მოიყვანოს სისრულეში საკუთარი ფარული თუ ხილული ზრახვები.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (“EAEU” ან “EEU”) წარმოადგენს ხუთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს: რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკურ გაერთიანებას, რომელსაც აქვს ერთიანი, ინტეგრირებული ბაზარი და მისი მოსახლეობა შედგება 183 მილიონი ადამიანისგან (მშპ. 2,4 ტრილიონ დოლარზე მეტი). ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ ხელი მოაწერეს 2014 წლის 29 მაისს ბელორუსის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა და იგი ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვარს. სომხეთის შეერთების შესახებ ხელშეკრულება 2015 წლის 2 იანვარს შევიდა ძალაში, ხოლო ყირგიზეთის - 2015 წლის 12 აგვისტოს. სამომავლოდ გათვალისწინებულია ერთიანი ვალუტის შექმნის იდეაც.

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მეთაურებისგან. იღებს კავშირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს ბიუჯეტს, განსაზღვრავს ინტეგრაციის სტრატეგიასა და მიმართულებას. ევრაზიის ეკონომიკური კომისია მოიცავს ორ ორგანოს - საბჭოსა (შედგება წევრი ქვეყნების ვიცე-პრემიერებისგან) და კოლეგიას. იღებს გადაწყვეტილებებს როგორც კავშირის საბაჟო პოლიტიკაზე, ისე მაკროეკონომიკაზე, კონკურენციის რეგულაციებზე, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფისკალურ პოლიტიკაზე. იღებს მკაცრ, ანტიკორუფციულ კანონებს. რაც შეეხება სასამართლოს, თითოეული წევრი სახელმწიფოდან წარმოდგენილია ორი მოსამართლე ცხრა წლის ვადით. სასამართლო პასუხისმგებელია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში დავის გადაწყვეტასა და სამართლებრივი წესრიგის ინტერპრეტაციაზე.

ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან მოლდოვა, უზბეკეთი და კუბა. მოლდოვას დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა 2017 წლის აპრილში. უზბეკეთი და კუბა დამკვირვებელი წევრები 2020 წლის 11 დეკემბერს გახდნენ. 2023 წლის თებერვლისთვის, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიფოვმა გამოაცხადა ეროვნული ტექნიკური რეგლამენტების ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელი სამუშაოების დასრულება. უზბეკეთი ემზადება კავშირის სრული წევრობისთვის.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის 2023 წლის 25 დეკემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. შეთანხმება ძალაში შევა ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდგომ და დროებით შეთანხმებას (რომელიც ძალაშია 2019 წლიდან) ჩაანაცვლებს. სავარაუდოა, რომ ირანი მიზნად ისახავს ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენას და დასავლურ ბაზრებზე დამოკიდებულების შემცირებას, განსაკუთრებით იმ ეკონომიკური სანქციების გათვალისწინებით, რაც მას დაეკისრა. შეთანხმება ირანს აძლევს შესაძლებლობას, შევიდეს მნიშვნელოვან ბაზარზე მისი ტრადიციული პარტნიორების მიღმა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ირანის ეკონომიკურ მდგრადობას და გეოპოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველობის შემცირებას.

აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი ეკონომიკური მოკავშირეები, დაამყაროს მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენა პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით. რუსეთის ხელმძღვანელობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობით. ამ ნაბიჯს შეუძლია გააძლიეროს რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში და უფრო მეტიც, შეიქმნას უფრო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბლოკი.

ირანმა, როგორც მთავარმა ენერგეტიკულმა მოთამაშემ, შესაძლოა ისარგებლოს ენერგეტიკის სექტორში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან გაზრდილი თანამშრომლობით, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით. შეთანხმებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ენერგეტიკული თანამშრომლობის გამარტივებას, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ირანს, ასევე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებსაც სტაბილური და დივერსიფიცირებული ენერგომამარაგების უზრუნველსაყოფად. რა თქმა უნდა, რუსეთს, როგორც ენერგორესურსების ძირითად ექსპორტიორს, შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ამ ასპექტში. შედეგად, შეიქმნება ახალი პლატფორმა ვაჭრობისა და თანამშრომლობისთვის.

ირანსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკურმა ურთიერთობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკაზე, მოხდეს ძალთა რეგიონალური ბალანსი და შეიქმნას ალიანსები. ასევე, ინვესტიციებმა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორიცაა სატრანსპორტო ქსელები და ლოჯისტიკა, შესაძლოა გაზარდოს ვაჭრობის ეფექტურობაც, რაც თავის მხრივ მოუტანს სარგებელს ორივე მხარეს სავაჭრო ბარიერებისა და ხარჯების შემცირების კონტექსტში. ამრიგად, ფაქტობრივი შედეგები დამოკიდებული იქნება შეთანხმების შესრულებაზე, გეოპოლიტიკურ მოვლენებსა და ეკონომიკურ პირობებზე.

ამრიგად, გეოპოლიტიკური გავლენის შენარჩუნება და მისი გაფართოება რუსეთის უმნიშვნელოვანესი მიზანია. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მეშვეობით რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში (და არა მხოლოდ), „ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობით“ ცდილობს ძველი დიდების მოპოვებას, ეროვნული უსაფრთხოების შენარჩუნებას, ტექნოლოგიურ წინსვლას, კულტურული გავლენის გლობალურ მასშტაბებში განვითარებასა და მულტიპოლარული საერთაშორისო წესრიგის დამყარებას. რამდენად შეცვლის დიდი ევრაზიული (რეალურად, რუსული) სისტემა არსებულ დასავლურ, „ატლანტიკურ სისტემას“, ეს არა მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკის კვლევების, არამედ ისტორიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, კულტურის კვლევებისა და ფილოსოფიური ანალიზის საკითხია. დასავლეთისადმი მტრულად განწყობილ „დიადი რუსული იდეის“ განხორციელების მსურველებსა და მეოცნებეებს კი ავიწყდებათ, რომ ლიბერალიზმი რაციონალურ ფილოსოფიას ემყარება და ლიბერალიზმთან ქიშპი გულისხმობს ყოველგვარ რაციონალურთან და ლოგიკურთან პაექრობას. ამიტომაც რუსი პროპაგანდისტები გამოირჩევიან ფაშისტური მიდრეკილებებით, ჩაგვრისადმი ობსესიითა და ტოტალიტარული ტენდენციებით (ყველაზე უკეთ ამას უკრაინაში მიმდინარე ომი ცხადყოფს). როგორი იქნება რუსეთის მომავალი და რამდენად შეძლებს იგი საკუთარი ზრახვების სისრულეში მოყვანას, ისტორია გვაჩვენებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG