კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა რუსი ჰაკერების იერიშის შესახებ, რის შედეგადაც გატეხეს კორპორაციული იმეილების ანგარიშები, მათ შორის - ხელმძღვანელობისა.
კომპანიის უსაფრთხოების გუნდმა 12 იანვარს დააფიქსირა თავდასხმა და გამოძიება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ კიბერთავდასხმის უკან დგას ჯგუფი Midnight Blizzard, რომელსაც „რუსეთი უწევს სპონსორობას“, ნათქვამია კორპორაციის პრესრელიზში.
ჰაკერებმა შეძლეს წვდომის მოპოვება Microsoft-ის კორპორაციული იმეილების ძალზე მცირე პროცენტზე. მათ შორის არის უმაღლესი ხელმძღვანელობის წევრების, კიბერუსაფრთხოების სამსახურის, იურიდიული სამსახურისა და სხვა ქვედანაყოფების თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა“, იტყობინება კომპანია.
ჯგუფმა მოახერხა რამდენიმე ელექტრონული წერილისა და მასზე მიმაგრებული დოკუმენტების გატაცება. გამოძიებამ ასევე აჩვენა, რომ თავდაპირველად ჰაკერები ელექტრონულ ფოსტაში ეძებდნენ ინფორმაციას თავად Midnight Blizzard-ის შესახებ.
კორპორაცია აღნიშნავს, რომ თავდასხმა არ არის დაკავშირებული Microsoft-ის პროდუქტებისა და მომსახურებათა დაუცველობასთან. ამჟამად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს კლიენტების გარემოზე, ამოსავალ კოდზე ან ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, ირწმუნება კომპანია. გამოძიება გრძელდება.