Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: საოკუპაციო ხაზი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი არ არის და ის თბილისიდან ჩავიდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში.

ოკუპირებული ახმაჯი ახალგორის მოსაზღვრედ მდებარეობს და იქ საოკუპაციო ძალებს სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული ჯერ ამ ბაზაზე გადაიყვანეს, იქიდან კი დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს გადასცეს და ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG