საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დანიის ელჩთან, ანნე ტოფტ სორენსენთან გამართული შეხვედრის შესახებ. როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში წერია, ელჩს განმარტებები სთხოვეს 10 იანვარს დანიურ გამოცემა „Jyllandsposten-ში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე, "მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით".
სტატიაში ოლიგარქად არის მოხსენიებული მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დანიურმა მხარემ "წუხილი გამოთქვა" და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და "სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში გამოიყენეს".
"როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
შეხვედრაზე, ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის გამოიყენეს, რაც ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ დანიის ელჩმა შენობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.
მანამდე ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან თქვა, რომ ელჩის "ეს განცხადება ჩვეულებრივი სიბინძურეა".
"ბიძინა ივანიშვილს რა აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ეს ადამიანი აგრძელებს თავის საქმიანობას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა, არის იმ საშინელი სისხლიანი რეჟიმის დამარცხება, რომელიც მასთან ერთად, ყველამ ერთად შევძელით", - თქვა კახა კალაძემ.
დანიის საელჩოს განცხადებით, "დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება. საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს".
"სტატია დანიური გაზეთისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწერა. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია დანიას საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. დანია განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი", - აცხადებენ საელჩოში.