საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ მას თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შეხვედრისა და საუბრის შინაარსზე კეკელიძემ ფეისბუკში დაწერა.
"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა", - აცხადებს კეკელიძე.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.
1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის 24-ე გენერალურ დირექტორად 2012 წელს დაინიშნა.