Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი გაზაფხულისთვის შეძლებს უკრაინისთვის ერთი მილიონი ჭურვის მიწოდებას


ევროკავშირი, სავარაუდოდ, შეძლებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს მარტისთვის ან აპრილისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა, წერს Politico.

ამ მიზნის მისაღწევად მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, შეამცირონ იარაღის ექსპორტი სხვა ქვეყნებში და ზეწოლა მოახდინონ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, რათა გაზარდონ საბრძოლო მასალის შიდა წარმოება.

შარშან მარტში ბრიუსელმა განაცხადა, რომ კიევს ერთ მილიონ ჭურვს მიაწვდის ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ მოგვიანებით გამოითქვა ვარაუდები, რომ დასახული მიზანი საეჭვოდ გამოიყურება.

ბრეტონმა ასევე თქვა, რომ ორ წელში ევროკავშირს შეუძლია რუსეთს გაუტოლდეს იარაღის წარმოებაში. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს იგივე პოტენციალი ჰქონდეს.

ბრიუსელმა ადრე პირობა დადო, რომ უკრაინას გამოუყოფს 50 მილიარდი ევროს ღირებულების ოთხწლიანი დახმარების პაკეტს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით ბუდაპეშტის მიერაა დაბლოკილი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა იღებდეს ასეთ დიდ თანხებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რადგან ის არ არის ბლოკის წევრი.

ბრიუსელი უკრაინის დახმარების ალტერნატიულ პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე კიევის ოთხწლიანი მხარდაჭერის პროგრამა ვერ დამტკიცდება.

Financial Times-ის წყაროების თანახმად, ევროკავშირში განიხილავენ ბუდაპეშტისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, რათა კიევისთვის დახმარების ახალ პაკეტზე შეთანხმება შეძლონ. ასეთი პროცედურა შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლით, რომელიც საშუალებას იძლევა, ქვეყანას ხმის უფლება ჩამოერთვას ევროპული კანონმდებლობის დარღვევის გამო. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა დაბლოკოს ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყანამ.

XS
SM
MD
LG