რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა მორიგი „ტერაქტის მცდელობაში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამით სარატოვის ოლქის თავზე „გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“ და „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს რაიონს, სადაც დრონი ჩამოაგდეს. სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უპილოტო საფრენი აპარატი ენგელსის რაიონის თავზე გაანადგურეს, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.
უკრაინას სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონზე დრონით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ამ რაიონში მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი. ავიაბაზაზე დისლოცირებული არიან უკრაინასთან ომში ჩართული სტრატეგიული ბომბდამშენები.
ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დრონებით თავდასხმები იყო 2022 წლის დეკემბერშიც.
რუსეთის სარატოვის ოლქის ენგელსის რაიონი უკრაინის ტერიტორიიდან დაახლოებით 600 კილომეტრითაა დაშორებული.