გერმანიაში მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა. საქართველოს მოქალაქეები მე-6 ადგილზე არიან.
გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლებისგან მიიღეს 351 915 განაცხადი, რაც წინა წელთან შედარებით 51,1%-ით მეტია.
სტატისტიკის თანახმად, 329 120-მა განმცხადებელმა თავშესაფარი პირველად ითხოვა, 22 795-მა კი - ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება.
გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის პირველ ადგილზე არიან მიგრანტები სირიიდან(104 561). მას მოსდევენ თურქეთი (62 624), ავღანეთი(53 582), ერაყი(12 360) და ირანი(10 206).
საქართველოდან, რომელიც მეექვსე ადგილზეა, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა 9 399-მა ადამიანმა, მათგან 8 414-მა - პირველად. დაკმაყოფილდა ქართველების განაცხადების მხოლოდ 0,3%.
გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურმა უწყებამ გამოაქვეყნა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი იკლებდა. 2023 წლის ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა 448 ადამიანმა, ნოემბერში - 417-მა და დეკემბერში - 351-მა.
2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც გაუადვილებს თავშესაფარზე უარის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას.